გარემოს დაცვის კომიტეტი რაჭის ტყეებში ფირმა "ატუს" საქმიანობით დაინტერესდება

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი რაჭის ტყეებში ფირმა "ატუს" საქმიანობით დაინტერესდება.

კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავს, შეისწავლოს რამდენად კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს ფირმა "ატუ" ჭრებს რაჭის ტყეებში. შესაბამისი განცხადება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც "ატუს" თემაზე უმცირესობამ გაამახვილა ყურადღება.

"არსებობს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ფირმა "ატუ"-ს მიერ რაჭის ტყეებში დიდი მასშტაბით განხორციელებული ჭრების შესახებ. ამ ფირმას ჭრების ლიცენზია ადრეც ჰქონდა, სრულიად კანონიერი. ცნობილია, რომ ჭრების მოცულობა, რომელიც ნებადართულია ამ ფირმისათვის, გაიზარდა. ისმის კითხვა, საერთო ჯამში რამდენად კანონიერია ასეთი მასშტაბური ჭრების განხორციელება და რამდენად შეესაბამება იმ შესაძლებლობებს, რაც აქვს რაჭის ტყეებს, რომელსაც შევარდნაძის დროს დიდი ზიანი მიადგა უკანონო ჭრებისა და ტყის მასალის კონტრაბანდულ ექსპორტზე გატანის შედეგად", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა, რომლის თქმითაც, "რაჭის ადგილობრივ მოსახლეობას "ატუს" საქმიანობა აღელვებს".

პასუხად გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ ფირმა "ატუს" მიერ განხორციელებულ ჭრებთან დაკავშირებით დაინტერესდება.