გერმანიის ხელისუფლება ბოლო წუთამდე ცდილობდა წინ აღდგომოდა პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას, თუმცა ვერ შეძლო. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი იუწყება.
გაზეთს მოჰყავს გერმანიის საგარეო უწყების განცხადებები, რომლებიც დაეგზავნა ამერიკის ხელისუფლებას სანქციების ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე. როგორც ცნობილია, ამერიკის სამხედრო ბიუჯეტში გათვალისწინებულია სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ. დოკუმენტში გერმანიის ხელისუფლება უთითებდა, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ გაზის ტრანზიტზე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან და რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღდმეგ სანქციები მიზანშეწონილი არ იქნებოდა.
შაბათს გახდა ცნობილი, რომ უკრაინამ და რუსეთმა 29 დეკემბრამდე უნდა მოაწერონ ხელი ახალ ხუთწლიან ტრანზიტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ტრანზიტის მინიმალურმა მოცულობამ უნდა შეადგინოს წლიურად 65 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.
შეგახსენებთ, ამერიკის სენატმა მიიღო სამხედრო ბიუჯეტი 2020 წლისთვის, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციას ავალდებულებს სანქციების შემოღებას რუსული გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სა და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ. 11 დეკემბერს მას კენჭი უყარეს წარმომადგენელთა პალატაში, პარასკევს კი ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ის ძალაში შევიდა.
შედეგად კი პროექტი შვეიცარულმა კომპანიამ Allseas დატოვა და შეწყვიტა სამუშაოები.