სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, ახალი ენერგეტიკული პროექტი განხორციელდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილების საფუძველზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ და სს „თელასმა“ ახალი ენერგეტიკული პროექტი განახორციელეს.

სემეკის ინფორმაციით, პროექტის მიზანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების ელექტროენერგიით საიმედო და უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა.

უწყების ცნობით, სტრატეგიული ობიექტების უწყვეტი ენერგომომარაგების საკითხზე სემეკში არაერთი სხდომა და სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომისიის გადაწყვეტილებით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს „თელასს“ დაევალათ 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველეყოთ ახალი 35 კვ ძაბვის ეგხ-ს მშენებლობა ქვესადგურ „ნავთლუღი 220“-დან სს „თელასის“ კუთვნილ „აეროპორტის ქვესადგურამდე“. ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა 8.3 კმ-იანი ახალი საკაბელო ხაზი, მოეწყო და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა 35 კვ. ძაბვის ორი სახაზო უჯრედი.

ახალი ენერგო პროექტის პრეზენტაციაზე სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია სიტყვით წარსდგა და ვრცლად ისაუბრა სემეკის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილა პროექტის განხორციელების აუცილებლობასა და სტრატეგიული ობიექტების საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფაზე.

ამასთან, პრეზენტაციას ესწრებოდნენ სემეკის წევრები. დავით ნარმანიასთან ერთად პროექტი წარადგინეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა და სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.