ყოველწლიური შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN) ტრადიციულად წლის ბოლოს ატარებს, 5 დეკემბერს გაიმართა სასტუმრო „ბეტსში“. ღონისძიებაზე ზრდასრულთა განათლების საუკეთესონი გამოვლინდნენ და ასევე - ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებული, რომელიც ზრდასრულთა განათლების თემაზე ყოველწლიურად იმართება. სანამ გამარჯვებულებს გაგაცნობდეთ, მოკლედ - თავად ღონისძიების შესახებ.
შემაჯამებელ შეხვედრაზე ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი ზრდასრულთა განათლების ქსელში შემავალი რეგიონული სათემო განათლების ცენტრები, რომელთა რიცხვი დღეს უკვე 11-ია ქვეყანაში და რომელთა წარმატება შთამბეჭდავად ასახა ღონისძიებაზე გამოფენილი, ცენტრებში განხორციელებული პროფესიული თუ პიროვნული განვითარების კურსების ფარგლებში შექმნილმა ნამუშევრებმა. თექის, ქვილთის, გობელენის, ქარგვის, ქსოვის, საიუველირო, ხის ნაკეთობათა, სხვადასხვა სახის აქსესუარებმა და სუვენირებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებას საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებიდან, არაფორმალურ განათლებაში მოღვაწე სხვა ორგანიზაციებიდან.
შემაჯამებელი შეხვედრა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის დირექტორმა თამარ ჭაბუკიანმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის, ქსელის საქმიანობით დაინტერესებისთვის და თავის პრეზენტაციაში განვლილი წლის მანძილზე განხორციელებული აქტივობები და შედეგები შეაჯამა. როგორც პრეზენტაციიდან გაირკვა, წლევანდელი წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბენეფიციართა სიმრავლით, პროფესიულ კურსებზე მიღებული ცოდნით დასაქმებულთა რიცხვით და კიდევ ერთი ახალი ცენტრის შემატებით, რომელიც DVV International საქართველოს ოფისის ძალისხმევით ამ ზაფხულს ხარაგაულში გაიხსნა.
შემაჯამებელი ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ და თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიკა ზაქარეიშვილმა; DVV International-ის კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა მაია ავრამოვსკამ და DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლალი სანთელაძემ.
ღონისძიების ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური მომენტი სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა გამოვლენა გახლდათ. ტრადიციული ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებული გახდა ზრდასრულთა განათლების თემაზე შექმნილი, „წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის“ ავტორი გელა მამულაშვილი, რომელსაც კონკურსის პრიზი და ფულადი ჯილდო გადაეცა; „წლის საუკეთესო ცენტრის“ ტიტული ლელიანისა და სენაკის ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრებმა მოიპოვეს; „წლის საუკეთესო ტრენერი“ გახდა მანონი ფიფია ჯვარის სათემო განათლების ცენტრიდან; „წლის საუკეთესო ბენეფიციარი“ - ბადრი ვეკუა, სენაკის სათემო განათლების ცენტრიდან და ბოლოს, „წლის საუკეთესო მოხალისე“ - ვატო პავლიაშვილი, რომელსაც სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.
საზეიმო განწყობა ღონისძიების დასასრულს გამართულმა ფურშეტმა და ფოტოსესიამ დააგვირგვინა, რომელიც შეხვედრის მონაწილეთათვის შედგა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს, რომელიც ღონისძიების მონაწილეებისგან ამ დროს მოვიპოვეთ:
თამარ ჭაბუკიანი, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის დირექტორი: - დღეს GAEN-ის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც ქსელის ცენტრი ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო; ასევე, გამოვავლინეთ ყოველწლიური კონკურსის „ზრდასრულთა განათლების საუკეთესონი" გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში. აღსანიშნავია, რომ „წლის საუკეთესო ცენტრის სტატუსი“ ამჯერად ორმა ცემნტრმა მოიპოვა; დავაჯილდოვეთ „წლის საუკეთესო ტრენერი“; „წლის საუკეთესო ბენეფიციარი“ და „წლის საუკეთესო მოხალისე“. ყველა ეს ადამიანი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სწავლასა და თვითგანვითარებაზე ზრუნვას ყოველთვის მოაქვს პოზიტიური შედეგები ინდივიდუალურ დონეზეც და თემშიც, ამიტომ დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ მათ. გარდა ამისა, ღონისძიებაზე საზოგადოებას წარვუდგინეთ 2019 წლის მოკლე ანგარიში და გავაცანით 2020 წლის გეგმები, რომელიც საკმაოდ ამბიციური და, ძირითადად, ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტიერებული. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სტუმარს - დონორებს, პარტნიორებს, დაინტერესებულ მხარეებსა და ორგანიზაციებს დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენს ცენტრებს, მათ თითოეულ თანამშრომელს თავიანთ რეგიონებში მართლაც მნიშვნელოვანი საქმის კეთებისთვის, საზოგადოებისა და თემის განვითარებაში აქტიური მონაწილეობისთვის.
მარიკა ზაქარეიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: - მიმაჩნია, რომ DVV International-ის საქართველოს ოფისი და მისი შვილობილი ორგანიზაცია GAEN ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი არ არის არაფორმალურ განათლებაზე მომუშავე ორგანიზაცია. არადა, განათლების კონტინიუმში არაფორმალურ განათლებას საკამოდ ღირსეული ადგილი უკავია, რადგან იგი საკუთარი თავის პოვნისა და თვითრეალიზაციის საშუალებას ცხოვრების ბოლომდე სთავაზობს ზრდასრულებს. ეს ღონისძიებაც და აქ წარმოდგენილი ნამუშევრებიც სწორედ ამის ნათელი მაგალითია, განსაკუთრებით, იმ ცენტრების შემთხვევაში, რომლებიც მოწყვლად რეგიონებში ოპერირებენ. იქ, ალბათ, არც არსებობს ბევრი სხვა სერვისი, რომელიც მოსახლეობის ინტერესების რეალიზებისკენ იქნება მიმართული. ამიტომ ჩემი დღევანდელი შთაბეჭდილება არის ძალიან დადებითი, გულწრფელად დადებითი... მე გავიცანი ცენტრების დირექტორები, მათი ღირებულებები და მოტივაცია - ყველა ადამიანს საკუთარი თავის პოვნის თანაბარი შესაძლებლობა მისცენ. არაფორმალური განათლების მთავარი მიზანიც ეს არის და ამ ღონისძიებაზე კარგად გამოჩნდა. ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრები მრავალფეროვანი პროგრამებით ცდილობენ, შრომითი ბაზარის მოთხოვნები გაითვალისწინონ და პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებული სერვისები შესთავაზონ ადამიანებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სხვა ქვეყნების, კერძოდ, კი გერმანული ზრადსრულთა განათლების მოდელს იზიარებს. როგორც მითხრეს, უცხო ენების, კომპიუტერისა და სხვა უნარების გარდა, სადღაც, მაგალითად, იოგას კურსიცაა გახსნილი, სადღაც კი ცეკვას ასწავლიან... ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში და სულ სხვა ხალისსა და მოტივაციას აძლევს ადამიანებს, რომელთაც, იქნებ, საკუთარი შინამეურნეობის გარდა არც არაფერი აქვთ - არც სამსახური, არც ინტერესები... ამიტომაც მომწონს ეს კონცეფცია და ვთვლი, რომ უნიკალურია - პროფესიულ განვითარებასთან შერწყმული ზოგადი კომპეტენციები და პლუს პიროვნული უნარების განვითარება იშვიათი სერვისია ჩვენს რეალობაში. ძალიან მომეწონა, ასევე, სოციალური საწარმოების კონცეფციაც, რომელიც ადგილზე დასაქმების შესაძლებლობასაც ქმნის და შედეგის რეინვესტირებით თავადვე აცოცხლებს ცენტრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში მათი მდგრადობის უზრუნველსაყოფად (როცა ქვეყნიდან დონორები გავლენ). არსებულის შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო განსავითარებლად მეტ სტრატეგიულ ქმედებებსა და პროდუქტიულობას ვუსურვებ DVV International-ის საქართველოს ოფისს, ქსელსა და ცენტრებს, რომელთაც ამ სასიკეთო საქმეში, ბუნებრივია, განათლების სამინისტროს მხარდაჭერაც ექნებათ.
მაია ავრამოვსკა, DVV International-ის კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი: - მე ძალიან კმაყოფილი ვარ DVV International საქართველოს მიდგომით საქართველოში ზრდასრულთა /სათემო განათლების ცენტრების შექმნისა და განვითარების საქმეში. მინდა გითხრათ, რომ ქართული მაგალითი შთაგონების წყაროდ იქცა ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის და რეგიონის ფარგლებს გარეთაც მათთვის, ვინც ასევე ცდილობს ზრდასრულთა განათლების სისტემის ჩამოყალიბებას და წარმატებით ფუნქციონირებას. ამ მიზნით DVV International საქართველოს ოფისმა და ზრდასრულთა / სათემო განათლების ცენტრებმა რამდენიმე სასწავლო ვიზიტს უმასპინძლეს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა მათ ინფორმაცია მიეღოთ საქართველოში ჩამოყალიბებული ქსელის ფუნქციონირებაზე და გამოცდილება გაზიარებულიყო. ვფიქრობ, დაფუძნებული ზრდასრულთა /სათემო განათლების 11 ცენტრი და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი, როგორც ცენტრების ქოლგა ორგანიზაცია, მძლავრი საფუძველია ზრდასრულთა განათლების მდგრადი სისტემის განვითარებისთვის ქვეყანაში. განვითარებული ზრდასრულთა განათლების სისტემა კი თანამედროვე საზოგადოების მახასიათებელია, რომელიც მიმართულია საკუთარი მოსახლეობის განათლებისკენ გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების შესაბამისად და იმისათვის, რომ გვქონდეს უფრო კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალი, რაც ყველაზე დიდი სიმდიდრეა. დღევანდელ ღონისძიება ნათელი სურათია იმ დიდი შრომისა და მოტივაციისა, რომლის თვალხილული შედეგებით ასე მოვიხიბლეთ დღეს. მე კვლავაც წარმატებას ვუსურვებ ცენტრებს, ქართველ ზრდასრულთა განმანათლებლებს თავიანთ საქმიანობაში და ვთხოვ, შეინარჩუნონ ეს მაღალი მოტივაცია, პროგრამებისა და მეთოდების ხარისხი, რომელსაც დღეს სთავაზობენ საზოგადოებას. თუ ხალხი თქვენი მუშაობით კმაყოფილი იქნება, ისინი კვლავაც მოვლენ თქვენს ცენტრში, კვლავაც გაივლიან თქვენ მიერ შეთავაზებულ კურსებს და სწორედ კმაყოფილი ბენეფიციარებით შევძლებთ, ზრდასრულთა განათლება წარმატებულ ისტორიად იქცეს საქართველოში.
დაბოლოს, ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულის, „წლის საუკეთესო მოხალისის“, 16 წლის ვატო პავლიაშვილის კომენტარი, რომელიც იესემის გერმანული სკოლის 11 კლასის მოსწავლეა და დაუზარელი შრომით, პასუხისმგებლობითა და მონდომებით გამოიჩინა თავი: - ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი სიხარული, რადგან ვერ ვიფიქრებდი, თუ ჩემი ასე მოკრძალებული წვლილი შესამჩნევი და აღსანიშნი გახდებოდა. დიდი მადლობა ამისთვის GAEN-ს და DVV-ს, რომლებმაც ეს ასე დააფასეს და წამახალისეს. მოხალისეობა პირველად შარშან ვცადე, როდესაც ევროპის დღეებში დავეხმარე DVV-ს. ეს ჩემთვის პასუხიმგებლობის, შრომის კარგი გაკვეთილი, გამოცდილება აღმოჩნდა და მას შემდეგ მუდამ სიამოვნებით ვერთვები მათ აქტივობებში და ღონისძიებებში და სხვადასხვა საორგანიზაციო და საოფისე საქმეებში ვეხმარები. ვთვლი, რომ მოხალისეობა საუკეთესო საშუალებაა საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და ახალი უნარების ასათვისებლად, რაც შემდეგ ცხოვრებაშიც გამოგვადგება. ამიტომ ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, არ დაიზარონ უანგაროდ შრომა, რომელიც მართლაც სახალისოა და საპატიოც და ბევრად სჯობს მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომასა თუ ქუჩაში ყოფნას. ეს ჯილდო კარგი მოტივაცია და დაფასებაა ჩემთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთო საზოგადო საქმიანობაში და სასარგებლო შრომით დავკავდე, თანაც მშობლებიც ძალიან გავახარე... კიდევ ერთხელ მადლობა GAEN-ს და DVV-ს! იღბლიანია ის, ვინც ამ ორგანიზაციებში მოხვდება, რადგან აქ შრომასა და მონდომებას არ გიკარგავენ...
რიტა ბაინდურაშვილი
(R)