რატომ ვერ იწყებენ სამთო კურორტები სეზონს

ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი ტრადიციულად, 15 დეკემბერს სრულყოფილად უნდა გახსნილიყო, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული კლიმატური პირობებია, კერძოდ, მაღალი ტემპერატურა, რის გამოც თოვლი ჯერ კიდევ არ მოსულა. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თაზო გამცემლიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ტურისტების დიდი ნაკადისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, საბაგიროები ჩართულია, თუმცა დამსვენებლებს მხოლოდ საბაგიროთი გადაადგილება შეუძლიათ.

„თუ როდის გაიხსნება სამთო კურორტებზე სეზონი სრულყოფილად, სამწუხაროდ, ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი არ მაქვს. სხვადასხვა მეტეოროლოგიურ საიტზე განსხვავებული პროგნოზი დევს. პრაქტიკულად, პირველად არის, რომ ვერცერთ კურორტზე ვერ მოვახერხეთ სეზონის სრულყოფილად გახსნა. მხოლოდ სვანეთის ნაწილი, ჰაწვალის კომპლექსი გავხსენით, სადაც ყველაზე მეტად არის შესაძელებელი სრიალი. სხვაგან თოვლი არ არის.

გარდა ამისა, ჩვენ გავითვალიწინეთ სასტუმროების და ტურისტული კომპანიების თხოვნა, რომ უკვე ძალიან ბევრი დამსვენებელია და ყველას ჰქონდა საბაგიროთი გადაადგილების სურვილი, ასევე იქ არსებულ რესტორნებს უნდა დაეწყოთ ფუნქციონირება, შესაბამისად, გაიხსნა გუდაურის საბაგიროები. ტურისტს შეუძლია ავიდეს, იქიდან გადმოიხედოს და ა. შ. თუმცა, მათი სრიალის შემთხვევაში უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ“,- განაცხადა თაზო გამცემლიძემ.

ნინი ქეთელაური
„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა