საგამოძიებო სამსახურმა გადასახადის თავის არიდების გამო ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე შპს-ს დამფუძნებლები, გივი ბურჯანაძე და ზაზა ბურჯანაძე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა განიზრახეს საბაჟო გადასახადისათვის დაწესებული 5-დღიანი საშეღავათო პერიოდის ბოროტად გამოყენება - ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, დაარეგისტრირეს 4 სხვადასხვა კომპანია და საქართველოში შემოიტანეს 573 121 ლარის ღირებულების ნავთობის მასალა ბიტუმი, ასევე საკვები პროდუქტი - ქიშმიში და ფინიკი.

"პროდუქციის განბაჟების შემდეგ ბრალდებულებმა თავი აარიდეს იმპორტის გადასახადებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 136 566 ლარის ზიანი. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.