ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (77 მომხრე) საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე აბულის, საღამოსა და ფარავნის ტბები და მიმდებარე ტერიტორიები დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოექცევა.
„ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება ხელს შეუწყობს ბუნებრივი პროცესების უწყვეტ განვითარებას, ბუნებრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული ჯავახეთის ზეგანის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიებისა და საქართველოს წითელ ნუსხასა და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) გლობალურ წითელ ნუსხაში არსებული გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ორნითო და იხტიო ფაუნის, ფლორის სახეობების შენარჩუნებას, დაცვას და მათი სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების აღდგენას. აბულის, საღამოს და ფარავნის ტბები, თავისი აკვატორიითა და მიმდებარე ტერიტორიით, უმნიშვნელოვანესი ლიმნოლოგიური ობიექტებია, სადაც ერთდროულად თავს იყრის რამოდენიმე საინტერესო ფენომენი: ტბების გენეზისი, ჰიფსომეტრიული მდებარეობა, მიმდებარე ჭარბტენიანი ტერიტორიები, თერმული რეჟიმი, ევტროპიკაციული პროცესები, სარკის ფართობები (საქართველოში ყველაზე დიდი ტბა), წყალცვლის რეჟიმები და ანტროპოგენური ზემოქმედება,” - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.