საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი.
მათი ცნობით, ამოღებულია ჯამში 517 გრამი ოქროს ნაკეთობანი, რომლის საბაჟო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.