„ლუკოილი“ ზარალზე მუშაობს - როგორია კომპანიის შემოსავალი და სხვა ფინანსური მაჩვენებლები

„ლუკოილში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.

კერძოდ, მათი ცნობით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. დანარჩენ დეტალებზე საგამოძიებო სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

„ბიზნესპესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას „ლუკოილის“ ფინანსური მაჩვენებლების შესახებ.

კომპანიის ანგარიშგების თანახმად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ლუკოილ ჯორჯიას“ შემოსავალი - 332 340 000 ლარი იყო. მათ შორის შემოსავალი საბითუმო გაყიდვებიდან - 132 808 000 ლარი; შემოსავალი საცალო გაყიდვებიდან - 199 263 000 ლარი; ნავთობქიმიკატების და ნავთობპროდუქტების შეძენის ხარჯი - 317 828 000 ლარი; წლის ზარალი და სრული ზარალი - 13 581 000 ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში 64 346 000 ლარის აქტივები იყო.

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობის და ნავთობქიმიკატების საბითუმო და საცალო ვაჭრობა ბენზინ-გასამართ სადგურებსა და ნავთობის ბაზებზე, რომლებიც, ძირითადად, ქალაქ თბილისშია განთავსებული. პროდუქტების რეალიზაცია, ძირითადად, საქართველოში ხორციელდება.

ცნობისთვის, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული „ლუკოილ ევროპა ჰოლდინგია“. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი: ზაზა ქათამაძე; წევრები კი - ნიკოლაი ტიხომიროვი და ალექსანდრ ნესტერენკო არიან.

თაია არდოტელი