აშშ-ს საბიუჯეტო კანონი საქართველოსთვის გაზრდილ საფინანსო დახმარებას ითვალისწინებს და კვლავ შეიცავს ჩანაწერს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის.
საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული კანონი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. ნიშანდობლივია, რომ 2020 ფისკალური წლის კანონი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.
„აღსანიშნავია, რომ კანონი ასევე ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდას. აქტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასიგნებათა კონსოლიდირებული აქტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„2020 წლის აქტში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია და 132 025 000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქტი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე შევიდა.