ე.წ. „ფიშინგის“ გზით ბანკების მომხმარებლების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების ქურდობის ფაქტზე ბრალდებულებს 8-8 და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
კერძოდ, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მ.დ.-ს და მ.ა.-ს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა და თითოეულს ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით, ხოლო მ.ბ-ს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დაკავებულებს ბრალი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაზე, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შენახვაზე, პროგრამის უნებართვო დამზადებაზე, შენახვასა და გავრცელებაზე, ასევე ქურდობაზე ჰქონდათ წარდგენილი.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ე.წ. „ფიშინგის“ გზით, ს.ს. „საქართველოს ბანკის“ და ს.ს. „თი ბი სი ბანკის“ მომხმარებელების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების ქურდობის ფაქტზე ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - მ.დ. და მ.ა., ასევე საქართველოს მოქალაქე მ.ბ. დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ.დ., მ.ა., და მ.ბ. უნებართვოდ დაამზადეს კომპიუტერული პროგრამა და სოციალური ქსელი „ფაისბუქის“ მეშვეობით ავრცელებდნენ ბანკების სხვადასხვა რეკლამას, სადაც განთავსებული ჰქონდათ ე.წ. „ფიშერული“ ბმული, რომელიც ვიზუალურად ინტერნეტბანკის გვერდს ჰგავდა. შეცდომაში შესული მომხმარებლები ხსნიდნენ აღნიშნულ ბმულს და მონაცემები შეჰყავდათ, რომლებიც ავტომატურად იგზავნებოდა ბრალდებულებთან. აღნიშნული პირები ავტორიზაციის მონაცემების გამოყენებით უნებართვოდ შედიოდნენ დაზარალებულების ინტერნეტბანკის მომხმარებლის ანგარიშზე და თანხებს მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე რიცხავდნენ. აღნიშნული სქემით მ.დ. მ.ა. დამ.ბ. დაზარალებულების კუთვნილ 139 000 ლარს დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა მ.დ. და მ.ა., 2019 წლის 19 აპრილს, ხოლო მ.ბ. 14 მაისს ქ.თბილისში დააკავეს,“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.