საქართველოს მთავრობა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან და ყველა უწყებასთან ერთად, ყველაფერს აკეთებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ღირსეულად და მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის”, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენცია კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთან ერთად გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, გენერალური მდივანი გიგა ქართველიშვილი და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი მანუჩარ მარკოიშვილი.
პრესკონფერენციაზე შალვა გოგოლაძემ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ღონისძიების უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის.
შალვა გოგოლაძე: „2019 წელს, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველომ 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ქვეყნის უდიდესი მონაპოვარია. ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობისთვის, განიხილებოდა 2 პროექტი:
ახალი მულტიფუნქციური სპორტული არენის მშენებლობა, რაც დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაუჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს, უკვე არსებული ოლიმპიური სპორტის სასახლის სრული რეკონსტრუქცია, რომლის ხარჯიც რამდენიმეჯერ ნაკლები დაჯდება.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან (FIBA) საბოლოო კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, კალათბურთის ფედერაციამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება და საუკეთესო ვარიანტად მიჩნეულ იქნა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიური სპორტის სასახლის რეკონსტრუქცია.
აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, სახელმწიფო დაზოგავს 100 მილიონ ლარზე ბევრად მეტს, რეკონსტრუქციის შემდეგ კი, ოლიმპიური სპორტის სასახლე დააკმაყოფილებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყველა საერთაშორისო სტანდარტს და გახდება მულტიფუნქციური. დარბაზი 10 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი და მოემსახურება სპორტის სხვადასხვა სახეობაში გასამართ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებს”, - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის საქართველოს მიერ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში უკვე გადახდილია 2019 წლის ვალდებულებით გათვალისწინებული ოფიციალური საგარანტიო თანხა - 700 000 ევრო. ჯამში საგარანტიო თანხა 1 800 000 ევროს შეადგენს, რაც მომდევნო ოფიციალური გრაფიკის მიხედვით დაიფარება. კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება, საქართველოსთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები ასევე არიან - გერმანია, იტალია და ჩეხეთი.