ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო "დასაქმების ფორუმს" გამართავს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო 20 სექტემბერს "დასაქმების ფორუმს" გამართავს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "დასაქმების ფორუმი" სახელმწიფოს ორგანიზებით პირველად იმართება. "დასაქმების ფორუმი" საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონებში 20 სექტემბერს, 10-დან 19 საათამდე გაიმართება.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფორუმი დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, მოიძიოს პოტენციური კადრი, ხოლო სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობა ეძლევა, რომ პოტენციურ დამსაქმებელს გაესაუბროს. მისივე ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 150-180 ორგანიზაცია, პროფესიული განათლების კოლეჯები და სამუშაოს მაძიებლები.

როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, ფორუმი მსოფლიოში მიღებული ფორმაა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის გამარტივებული შეხვედრების ორგანიზებისათვის.

"დასაქმების ფორუმში" მონაწილეობის მსურველი სამუშაოს მაძიებელი უნდა იყოს რეგისტრირებული შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.gov.ge, ასევე იგი უნდა იყოს წინასწარ რეგისტრირებული ფორუმის მონაწილედ ვებგვერდზე www.ssa.gov.ge. სამუშაოს მაძიებელმა ფორუმზე მისვლისას თან უნდა იქონიოს სარეგისტრაციო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და CV-ის რამდენიმე ეგზემპლარი. ფორუმის განმავლობაში მან უნდა დაიცვას მონაწილეობის ზოგადი წესები.

სამუშაოს მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობაა 25 ათასი. ფორუმზე დასწრების მსურველი სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია მთავრდება წინასწარ გათვალისწინებული რაოდენობით (25 ათასი) ადგილების შევსებისთანავე, ან არაუგვიანეს 2014 წლის 19 სექტემბრის 24 საათის.

როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, რეგისტრაციისას დასაქმების მსურველმა უნდა მიუთითოს ეკონომიკური სექტორი, მიმართულება. მისივე ინფორმაციით, დასაქმების მსურველებს ეცოდინებათ, რომელ საათზე რომელ სექტორს უნდა მიაკითხონ ფორუმზე. როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი წუთობრივად იქნება გაწერილი და მსურველებს შეეძლებათ რამდენიმე სექტორსა და კომპანიას მიმართონ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დასაქმების მსურველთა ასაკი შეზღუდული არ არის. მათივე ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ მისამართზე. www.ssa.gov.ge ასევე რეგისტრაცია შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის ტერიტორიულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისებში მისამართებზე: ჯავახიშვილის 51, გალაკტიონის 4, მიცკევიჩის 23, აღმაშენებლის 141 ა, მოსკოვის პროსპექტი 20, სარაჯიშვილის 1. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15-05, ან ტელეფონზე, 591-919960, 599 099351, 555-303262.