ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ფასები იმდენად გაიზარდა, რომ რიგ პროდუქტებთან მიმართებით უკვე ევროპისა და ამერიკის ფასებს დაუახლოვდა. ცხადია, ეს მძიმე სიტუაციას შექმნის მომავალშიც. მართალია, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი პროდუქტი, რომელიც ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შედარებით ძვირია, ვიდრე ჩვენთან, თუმცა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა იქ გაცილებით მაღალია, რა მხრივაც საქართველოში უდიდესი სხვაობაა.
როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, ამჟამად ჩვენთან დრამატული სიტუაციაა, რომლის გამოსწორება მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებშია შესაძლებელი.
,,ფასების ზრდის მხრივ არსებული მდგომარეობა საქართველოში ძალიან მძიმეა. საშუალო ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ხელფასის სიდიდით 12-13%-ის დონეზე ვართ, მსყიდველუნარიანობის პარიტეტით კი 40-42%-ის დონეზე გავდივართ. თუმცა, ამერიკის ფასებს თუ შევადარებთ, რომელიც მსოფლიო ფასების ათვლის წერტილად არის მიჩნეული, სიტუაცია სხვაგვარადაა. მაგალითად, აშშ-სთან შედარებით, პური ჩვენთან უფრო იაფი ღირს, მაგრამ რძე საქართველოში დაახლოებით 1,5-ჯერ უფრო ძვირია. ხორცის ფასთან დაკავშირებით 53%-ის დონეზე ვუახლოვდებით, ბანანის შემთხვევაში - 90%-ის, კვერცხი 63%-ის ფარგლებში, ლუდის ფასში - 33%-ის დონეზე. ბენზინი საქართველოში დაახლოებით 27%-ით ძვირია, ვიდრე ამერიკაში.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საშუალო ხელფასი გაცილებით მაღალია აშშ-ში - 3922 დოლარის ფარგლებში, საქართველოს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 1200 ლარია. ამიტომ უფრო სწორია, რომ ხელფასის მსყიდველუნარიანობის მიხედვით გამოვთვალოთ. ამერიკის მაჩვენებელს თუ ავიღებთ, ქათმის ხორცი 57%-ის დონეზეა, საქონლის ხორცის მიმართულებით ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს. ფორთოხალი რომ ავიღოთ, ჩვენი ხელფასის მსყიდველუნარიანობიდან გამომდიანრე, 5-ჯერ ნაკლების შეძენა შეგვიძლია, ბანანის - 8-ჯერ ნაკლების, ბოთლის წყალი რომ ავიღოთ, 3-ჯერ ნაკლები შეგვიძლია შევიძინოთ, კვერცხის ყიდვა დაახლოებით 5,5-ჯერ ნაკლების ყიდვა არის შესაძლებელი, ხოლო ჩვენი ხელფასით 12-ჯერ ნაკლები ბენზინი შეგვიძლია ვიყიდოთ”, - ამბობს არჩვაძე და დასძენს, რომ დიდი უთანასწორობა გვაქვს ხელფასის მიმღები კონტიგენტის შედარებითაც და ამ მხრივ ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა.
,,ამერიკაში ყოველი 1000 კაციდან ხელფასს იღებს დაახლოებით 430 ადამიანი, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 220-ს არ აღემატება. გამოდის, რომ ხელფასითაც ჩამოვრჩებით და ხელფასის მიმღებთა რაოდენობითაც, მათ შორის, მსყიდველუნარიანობითაც და საბოლოოდ მძიმე შედეგს ვიღებთ.
დასაქმებულთა რაოდენობა რომ გავზარდოთ, ევროპულ დონეს დავუახლოვდებით, ამიტომ პარალელურად უნდა ვიზრუნოთ ხელფასის ზრდაზეც, რაც ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება. უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვესაჭიროება, ეს არის მთავარი პირობა კეთილდღეობის მისაღწევად. სამწუხაროდ, სხვა პოტენციალი ამოწურული გვაქვს”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სტატისტიკოსმა.
მისი თქმით, მართალია, მშპ-ს გვერდის ავლითაც შეიძლება საშუალო ხელფასის ზრდა, მაგრამ ეს ხელფასის მიმღებთა (მათი რაოდენობის ზრდის) ხარჯზე ვერ მოხდება.
,,ფასები გაზრდილია ბოლო პერიოდის განმავლობაშიც და ეს კიდევ უფრო გვიმძიმებს სიტუაციას. ამასთან, წელს პირველადაა, რომ საშუალო ხელფასის მსყიდვითუნარიანობა სასურსათო კალათასთან მიმართებაში კი არ გაიზარდა, რამდენადმე შემცირდა, პურის ფასმა 1,5-ჯერ მოიმატა, ვიდრე საშუალო ხელფასის ზრდას ჰქონდა ადგილი. ხორცის ფასი გაიზარდა 4-ჯერ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა“, – დასძინა სოსო არჩვაძემ.
გაზრდილი ფასების გამო სოციალური ფონის გაუარესებაზე საუბრობს ანალიტიკოსი რამაზ გერლიანი. მისი თქმით, ფასების მატება შემოსავლების ზრდას იგივე პროპორციით ვერ პასუხობს და ეს მოსახლეობას დიდ პრობლემას უქმნის.
,,სიძვირის დინამიკაა და ეს ტრენდი ბოლო პერიოდის განმავლობაში შეუქცევადი გახდა. ვერ ვიტყვით, რომ ფასების სიდიდით ევროპასთან ახლოს ვართ, მაგრამ ამ ტემპით თუ გაგრძელდება გაძვირება, სხვაობა დიდად შესამჩნევი არ იქნება. ცხადია, ევროპასთან დაახლოებული ფასები დიდ პრობლემას გვიქმნის. სიახლოვე ამ თვალსაზრისით, სასურველი ნამდვილად არ არის, რადგან შემოსავლების პარიტეტის მიხედვით, დიდი უთანასწორობაა. თუმცა ფასების ზრდის ტენდენცია იმდენად სწრაფი ტემპით ხასიათდება, რომ შეიძლება ევროპულ ფასებს მართლაც გაუთანაბრდეს.
გარდა ამისა, დროთა განმავლობაში, როცა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი თავის წერტილს მიაღწევს, ეს თავისთავად გამოიწვევს გათანაბრებას, მაგრამ ეს შორეული პერსპექტივაა. რასაკვირველია, იქნება ისეთი საქონელი, რომელიც აქ უფრო იაფი ეღირება ან ძვირი, მაგრამ სხვაობა იქნება უმნიშვნელო. მთლიანად სამომხმარებლო კალათას თუ ავიღებთ, ფასებში ცვლილება ალბათ 50%-ია. თუმცა არის რიგი პროდუქტები, რაც გაცილებით იაფია და იმიტომ ჩამოგვაქვს ევროპიდან.
როგორც აღვნიშნე, ფასების ზრდა შემოსავლების ზრდას იგივე პროპორციით ვერ პასუხობს და ეს მოსახლეობას დიდ პრობლემას უქმნის. მიმდინარე პერიოდში 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა ფასებში ისე, რომ შემოსავალი არ გაზრდილა. პროდუქტის და მომსახურების მიღების შესაძლებლობა შემცირებულია და ეს განსაკუთრებით ღარიბ მოსახლეობას აწვება, რომლის შემოსავლის დიდი წილი სწორედ საკვებსა და მედიკამენტებში იხარჯება”, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" გერლიანმა და დასძინა, რომ უნდა შეიცვალოს მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ამასთან, ეროვნული ბანკის მხრიდანაც ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო.
,,საქსტატის” ინფორმაციით, მხოლოდ ერთ თვეში, ანუ ოქტომბერთან შედარებით ნოემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 7% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმუმია. კერძოდ, ნოემბერში, წინა წლის პერიოდთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 6.3%-ით არის გაზრდილი. ცალკეულ პროდუქტებზე კი ფასებმა სხვადასხვა პროცენტით მოიმატა. პური 11.5%-ით გაძვირდა, ფქვილი — 16.6%-ით, ყველის ფასი 18.6%ით გაიზარდა, ხოლო მზესუმზირის ზეთის — 4.5%ით, ასევე მომატებულია ფასები შაქარზე 21%-ით, ღორის ხორცი 13.4%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი — 18.6%-ით, ფასების ზრდა ფიქსირდება კვერცხზე 3,4%-ით, კარტოფილზე კი – 18,7%-ით. გაძვირებულია მაკარონიც 4, 8%-ით.
ფასი გაზრდილია თითქმის ყველა სახეობის საკვებზე. ასევე მომატებულია ფასები ტრანსპორტისა და ჯანდაცვის ჯგუფებშიც.
გაზეთი "რეზონანსი"