ფოთში თევზის ქარხნები მუშაობას დროებით შეაჩერებენ

ფოთში მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა. მათ სამ დღიანი ვადა მიეცათ ვითარებაში გარკვევისთვის. გაიმართება შეხვედრა, რომელშიც შესაბამისი უწყების წარმომადგენელი ჩაერთვება. იქამდე კი ყველა თევზის გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას შეაჩერებს.

,,შედგა კომუნიკაცია ქარხნის დირექტორებთან, ისინი თანახმა არიან შეაჩერონ მუშაობა, იქამდე, ვიდრე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. თავის მხრივ, ის გუნდი, რომელიც ამ საკითხზე არის შესაბამისი უფლებების მქონე, ხვალ ეწვევა ფოთს, შეხვდება ამ ადამიანებს და ამის შემდეგ შეთანხმდებიან შედეგებზე, თუ რა ბედი ელის ფოთის თევზის სუნის თემას. თუმცა, ყველა მაქსიმალურად, ფოთელი მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული“,-განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, დავით ფარცვანიამ.

შეგახსენებთ, ფოთის მოსახლეობამ ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა.მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.