კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი - შევთანხმდით, რომ უმჯობესია არსებული სპორტის სასახლე გადაკეთდეს და მის ბაზაზე აშენდეს სრულიად ახალი სპორტული არენა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის გიორგი ქართველიშვილის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ უმჯობესია არსებული სპორტის სასახლე გადაკეთდეს და მის ბაზაზე აშენდეს სრულიად ახალი სპორტული არენა. შესაბამისი განცხადება ქართველიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ კალათბურთის ფედერაციისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის. ჩვენ, როგორც კი შევიტანეთ განაცხადი FIBA-ში მასპინძლობის უფლების მოპოვების თაობაზე, იმ პერიოდიდანვე წარდგენილი გვქონდა ახალი სპორტის სასახლის აშენების ვარიანტი და ასევე უკვე არსებული სპორტის სასახლის გადაკეთების რეკონსტრუქციის ვარიანტი, რაც ფაქტიურად ისევ ახალი სასახლის აშენების ტოლფასია. გვსურს დაგარწმუნოთ, რომ გადაკეთების შედეგად, ძირეულად იცვლება სპორტის სასახლის კონცეფცია.

როგორც საქართველოსთან მთავრობასთან, ასევე FIBA-სთან ჩვენ ყველა ნაბიჯზე გვქონდა შეთანხმება და მოლაპარაკებები გრძელდებოდა აქტიურ ფაზაში.

ძალზე სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი, არენა ფაქტიურად თავიდან უნდა აშენდეს. პროექტში ჩართულნი არიან საერთშორისო არქიტექტურული ჯგუფები, ქართულ ჯგუფებთან ერთად. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა საჭირო ინვენტარის და სხვა ინფრასტრუქტურული მასალის შეძენის პროცედურები. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პროექტს არავითარი საფრთხე არ ელის.

FIBA-სთან რამდენიმე კვირის წინ გვქონდა მორიგი შეხვედრა, სადაც ზუსტად ეს პროექტი და ჩვენი მოსაზრებები კიდევ ერთხელ გავიარეთ, დაგვეთანხმნენ ამ საერთო ხედვაში, გვირჩიეს რომ მთავარია, დაკმაყოფილებული იყოს FIBA-ს მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები“, - განაცხადა გიორგი ქართველიშვილმა.

პრესკონფერენცია კალათბურთის ეროვნული ფედერაციასთან ერთად გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ავრცელებს.