ახალი წლის დადგომამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. შესაბამისად, ბევრ ჩვენგანს უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ სად და როგორ უნდა შეხვდეს 2020 წელს.
„ბიზნესპრესნიუსი“ თბილისის სასტუმროების ფასებით, გეგმებითა და შემოთავაზებებით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ სასტუმროები საკმაოდ გრანდიოზულ სადღესასწაულო პროგრამებს გვთავაზობენ.
31 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ ტრადიციას არ ღალატობს და საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს. ამ ახალ წელს სასტუმრო ნამდვილ “თბილისურ ეზოში“ გიმასპინძლებთ, სადაც სასტუმროს გრანდიოზულ დარბაზში ქართველ ვარსკვლავებს და ცნობილ შემსრულებლებს შეხვდებით. ახალი წლის საღამოს გათვალისწინებულია გალა-ვახშამი და ალკოჰოლური სასმელი. რაც შეეხება ფასს, ერთი ადამიანი 450 ლარი ღირს და ბილეთის ფასში შედის ვახშამი და ალკოჰოლური სასმელი. რაც შეეხება სასტუმროში ნომრის ფასს, როგორც booking.com-დან ვგებულობთ, ერთი ადამიანისთვის 797 ლარია.
ახალ წელს თავისი პროგრამით ხვდება „შერატონ მეტეხი პალასი“, სადაც საღამო 8:30-ზე “Welcome drink” გლინტნვეინით დაიწყება და ბენდისა და ფეიერვერკის თანხლებით გაგრძელდება. პატარა სტუმრები კი სხვადასხვა თამაშით, ფილმით და სახის მოხატვით იჯერებენ გულს. სასტუმროში ახალი წლის შეხვედრა დღგ-ს გამოკლებით 249 ლარი ღირს. სტუმრები ვახშამზე დააგემოვნებენ, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო კერძებს, მენიუში შედის ღვინო, ლუდი, კოქტეილი და გამაგრილებელი სასმელები. რაც შეეხება სასტუმროში ნომრის ფასს, ერთ ადამიანს ახალი წლის ღამე 454 ლარი დაუჯდება.
თბილისის „ამბასადორში“ ახალი წლის შეხვედრა 150 დოლარი (დღგ-ს ჩათვლით) დაუჯდებათ. ღირებულებაში შედის სადღესასწაულო ვახშამი, გამაგრილებელი სასმელები & welcome drink. საახალწლო საღამოს სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ უამრავ წამახალისებელ კონკურსში, შეჯიბრში და მოიგონ პრიზები. პატარა სტუმრებს კი სანტა კლაუსი პირდაპირ რესტორანში მოაკითხავს და საჩუქრებს გადასცემს. რაც შეეხება ნომერს, ახალი წლის ღამისთვის ყველა ნომერი გაყიდულია.
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ახალი წლის შეხვედრა 300 ლარი დაგიჯდებათ. საახალწლო ზეიმი Radisson Blu Iveria- ს დარბაზში დათუნა სირბილაძესთან და შვიდკაცასთან Live შესრულებით 01:00 საათზე დაიწყება. საღამოს მოქმედებს დრესკოდი. რაც შეეხება ნომრის ფასს, ახალი წლის ღამეს ერთი ადამიანის ფასი 717 ლარი იქნება.