ვისთვის გახდება 2020 წლიდან  ავტომობილებში კატალიზატორის ქონა სავალდებულო

2020 წლიდან ავტომობილებში კატალიზატორის ქონა სავალდებულო გახდება.

აღნიშნული ვალდებულება ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი „კატალიზატორის“ ხელმიუწვდომლობის და მისი დიდი ფასიდან გამომდინარე, გამოწვევას წარმოადგენს.

„გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობის ინსპექტირება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება გამონაბოლქვის შემცველობის კონტროლიც. ამჟამად გამონაბოლქვში მოწმდება მხოლოდ CO-ს დონის შემცველობა და კვამლიანობის დონე, რაზე მანიპულირებასაც ავტომფლობელები სხვადასხვა გზებით ახერხებენ. 2020 წლიდან ამოქმედდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულება და ჟანგბადის შთანთქმის (ლამბდა) კოეფიციენტის კონტროლი. ეს კი უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს, რადგან საქართველოს ავტოპარკის დიდ ნაწილს კატალიზური გარდამქმნელი ამოღებული აქვს, მაღალი ხარისხის „კატალიზატორი“ კი ადგილობრივ ბაზარზე პრაქტიკულად არ იშოვება, მხოლოდ ინტერნეტით არის მისი ყიდვა შესაძლებელი და საკმაოდ ძვირია. კერძოდ, ფასი 800 ლარიდან იწყება,“-აღნიშნულია ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შედეგებში, რომელიც 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდს მოიცავს.

ამასთან, როგორც რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) არსებობის ვალდებულება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან. რაც შეეხება 2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მათთვის გამონაბოლქვის კონტროლის წესები ეტაპობრივად გამკაცრდება.

შეგახსენებთ, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლის პირველი იანვრიდან ეტაპობრივად ამოქმედდა. 2019 წლიდან კი ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.

თაია არდოტელი