ბინათმშენებლობის ფილიპინური გიგანტის, „ვილკონ დეპოს“ მფლობელი, მილიარდერი უილიამ ბელო იმითაცაა ცნობილი, რომ ნიანგების უზარმაზარ ფერმას ფლობს. „ვილკონ დეპოს“ სავაჭრო სახლების ქსელი ფილიპინებზე 57 წერტილს მოიცავს, რითაც ბინების რემონტისა და მოწყობისთვის საჭირო პროდუქციის ბაზარზე ის პირველობას არავის უთმობს.
მაგრამ ბელო ამას არ სჯერდება და იმ საქმესაც მისდევს, რომლითაც დაიწყო: თავიდან ის კვერცხის ფერმის ბიზნესში იყო ჩართული და იმ ქათმების პრობლემის გადაჭრა უწევდა, რომლებსაც კვერცხის დება აღარ შეეძლოთ. 1990-იან წლებში მან გადაწყვიტა, რომ უსარგებლო ქათმებით ვეფხვები გამოეკვება. თუმცა შემდეგ უფრო ეფექტურ გზას მიაგნო, რომელმაც ნიანგებამდე მიიყვანა.
მან 1 200 ნიანგი იყიდა. ბელო ამბობს, რომ თავიდან უსარგებლო ქათმების მოშორება აინტერესებდა და მცირე რაოდენობით ნიანგები ამისთვის შეისყიდა. ამჟამად კი მისი ნიანგების იმპერია დაახლოებით 23 000 რეპტილიას აერთიანებს, რომლებსაც ბელო უკვე მხოლოდ უსარგებლო ქათმების მოსაშორებლად როდი იყენებს. ნიანგის ტყავს ის ლუქს კლასის ბრენდებს აწვდის, ხორცს კი - სურსათის მწარმოებლებს, მათ შორის, სოსისების მწარმოებელ უნგრულ კომპანიასაც.
ამჟამად ბელოს ნიანგების იმპერია ორ დიდ ფერმას მოიცავს. მათგან ერთი 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული, მეორე კი შვიდჯერ დიდია. მეორე ფერმაშივე ხდება ნიანგების გადამუშავება. ფერმაში 800 ათასი ქათამი და 5 000 ღორიცაა. ბელოს ფერმა წელიწადში 2 000-3 000 ნიანგის ტყავს ყიდის, რომელთა ფასიც 200-250 დოლარი ღირს.
ბელო ამბობს, რომ ფერმის გაზრდას ორი ძირითადი ფაქტორის გამო ერიდება. ჯერ ერთი, მეტ ნიანგს მეტი საკვები დასჭირდება, რაც მათი წარმოების თვითღირებულებას გაზრდის. მეორეც, ერთეულ ფართობზე მეტი ნიანგის ყოლა, მათ ტყავს აზიანებს, რაც ტყავის ფასს დაბლა სწევს. გარდა ამისა, ფილიპინებზე ნიანგების სხვა ქვეყნიდან შეყვანა აკრძალულია, ადგილზე კი მათი რაოდენობა შეზღუდულია.