საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა

2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30,8 პროცენტი თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რაც შეეხება რეგიონების მიხედვით გადანაწილებას: 20,7 პროცენტი - იმერეთის, 12 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 12 პროცენტი - კახეთის, 7,2 პროცენტი - ქვემო ქართლის, 5,3 პროცენტი - აჭარის, 4,3 პროცენტი - შიდა ქართლის, 2,9 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,9 პროცენტი - გურიის, 1,9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის, 1 პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული.

„საქსტატის“ ცნობით, ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისთვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის მოქმედი ბაზრების და ბაზრობების საერთო რაოდენობის 76,4 პროცენტი, ინდივიდუალური მეწარმეების წილად კი - 21,1 პროცენტი. ბაზრების და ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია სააქციო საზოგადოების (1,0 პროცენტი), კოოპერატივის (1,0 პროცენტი) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0,5 პროცენტი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.