ბაზრებსა და ბაზრობებზე რეალიზებული პროდუქციის 74,4% არასასურსათო საქონელზე მოდის - „საქსტატი“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა, რომელთა 44,3 პროცენტი თბილისზე მოდის.

რაც შეეხება რეგიონებს, 14,2 პროცენტი - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, 9,8 პროცენტი - ქვემო ქართლის, 9,1 პროცენტი - კახეთის, 7,5 პროცენტი - აჭარის, 7,5 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3,6 პროცენტი - შიდა ქართლის, 1,8 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის და 0,9 პროცენტი - გურიის რეგიონზე ნაწილდება.

„2019 წლის ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ რეალიზებულია 302 მილონი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელი (ავტომობილების გარდა), რომელთა 19,9 პროცენტი სასურსათო საქონელზე მოდის, 74,4 პროცენტი - არასასურსათო საქონელზე, ხოლო 5,7 პროცენტს ცხოველების და ფრინველების ჯგუფი შეადგენს. 90,6 მილონი ლარის ოდენობით შეფასდა ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბაზრების და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების ბრუნვის მოცულობის 61,5 პროცენტი თბილისზე მოდის, ხოლო 12,3 პროცენტი - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, 7 პროცენტი - ქვემო ქართლის, 5 პროცენტი - აჭარის, 5 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3,4 პროცენტი - კახეთის, 3,3 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 2,1 პროცენტი - შიდა ქართლის, 0,2 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის და 0,2 პროცენტი - გურიის რეგიონზე ნაწილდება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30,8 პროცენტი თბილისშია.

თაია არდოტელი