რომელი ეკონომიკური სექტორებია წამყვანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის

2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 44 599.3 მლნ ლარი შეადგინა.

რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით - 51.7 პროცენტით, თბილისი გამოირჩევა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. შემდეგ მოდიან: იმერეთი (9.3 პროცენტი), აჭარის ა.რ. (9.0 პროცენტი), ქვემო ქართლი (7.8 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.3 პროცენტი).

„თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (20.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.0 პროცენტი) და მშენებლობა (10.9 პროცენტი).

იმერეთის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს დამამუშავებელი მრეწველობა (13.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (11.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.2 პროცენტი).

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქვეყნის დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით მესამე რეგიონში - დიდი წილი უკავია მშენებლობას (16.6 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (15.5 პროცენტი), ასევე საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტს (10.6 პროცენტი).

ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (23.3 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (17.2 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (10.6 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი