ირაკლი ღარიბაშვილი: წლევანდელი რთველი შარშანდელზე უკეთესი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, "წლევანდელი რთველი შარშანდელზე უკეთესი იქნება".

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით,  ამის შესახებ პრემიერმა გურჯაანში, "რთველი 2014"-ის საკოორდინაციო შტაბში სტუმრობისას განაცხადა. ის შტაბის მუშაობას და რთველის მონიტორინგის შედეგებს ადგილზე გაეცნო. როგორც პრემიერს შტაბში განუმარტეს, კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეისთვის უკვე გადამუშავებულია 60 000 ტონამდე ყურძენი. გლეხები ყურძენს რიგებისა და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, მაღალ ფასებში აბარებენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ისევე როგორც შარშან, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით, როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება მოხდა. ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, წელს სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელზე 35 თეთრს შეადგენს, 1 კგ საფერავზე - 15 თეთრს. ამ ეტაპზე რეალიზებულია 91 მლნ ლარზე მეტი ყურძენი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რთველის წარმატება დიდწილად განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების მიზნით, 2013-2014 წლებში სწორად დაგეგმილმა და განხორციელებულმა პროგრამებმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დასეტყვილ და გვალვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო კომპანია იბარებს, რაც გლეხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განმარტებით, "რთველი 2014"-ის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება. მიმდინარე წელს ყურძნის ხარისხის კონტროლთან ერთად, მკაცრი კონტროლი ხორციელდება ქარხნებიდან ჭაჭის უტილიზაციაზეც. რთველთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01, რომელიც დაინტერესებულ პირებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.