"რეზონანსი" - რატომ დაერია ფინანსთა სამინისტრო ნავთობკომპანიებს?

ბოლო ოთხ თვეში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ექვსი დიდი ნავთობკომპანიიდან ორის საქმიანობით დაინტერესდა. ,,ფრეგოს” შემდეგ ახლა ფინანსური "ლუკოილის” საქმეს სწავლობს. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა ეჭვი ისევ გახმაურებულ საბაჟო სკანდალზე და დოკუმენტაციის გაყალბებაზეა.

„ლუკოილში“ რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც დაადასტურეს, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. დანარჩენ დეტალებზე კი კომენტარს არ აკეთებენ.

კომპანია „ლუკოილი“ საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან მუშაობს. 100%-იანი წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული „ლუკოილ ევროპა ჰოლდინგია“.

ეს უკვე მეორე უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომლის საქმიანობითაც მაკოტროლებლები დაინტერესდნენ. მანამდე კი ნავთობკომპანია "ფრეგოს" დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით დააპატიმრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანიის აქტივები და საბანკო ანგარიშები დააყადაღა. თოფჩიშვილს დღგ-ის ყალბი ანგარიშგებების საქმეში მონაწილეობას ედავებიან.

ახლა ,,ლუკოილთან” დაკავშირებით, მთავარი კითხვა ისაა, უკავშირდება თუ არა ცნობილ ე.წ. საბაჟოს სკანდალს ეს შემთხვევაც. ფაქტია, ექვსი უმსხვილესი ქსელიდან 2 ნავთობ იმპორტიორი ფინანსური პოლიციის ინტერესის საგანი და ბრალდების ობიექტია.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით რას უკავშირდება მოქმედებები... საგამოძიებო სამსახური ერთი დღით იყო შემოსული და რაღაც საბუთები წაიღეს. რა საბუთებია - არ ვიცით, ამას ვერ გეტყვით“, - აცხადებენ "ლუკოილში".

სერიოზული საფუძვლის გარეშე რომ ფინანსური პოლიცია უმსხვილეს კომპანიებს არ ,,სტუმრობს”, ზუსტად იცის ანალიტიკოსმა ბექა კემულარიამ, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი, სანამ ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდება, მართებულად არ მიაჩნია.

,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიაში ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ არსებობს სერიოზული საფუძველი. სხვაგვარად ამ მასშტაბის კომპანიაში შესვლა გამორიცხულია. დეტალები ალბათ ნელ-ნელა გახდება ცნობილი, ვერსიებზე საუბარი კი არამართებულად მიმაჩნია.

ამ ტიპის კომპანიებში შესვლის საფუძველი ზოგადად, შეიძლება იყოს საქონელბრუნვის არასწორი აღრიცხვა, გადასახადების დამალვა, ხარისხის არასწორი ბალანსირება ან სხვა ნებისმიერი სახის მაქინაცია”, - ამბობს "რეზონანსთან" კემულარია.

ნავთობპროდუქტების იმპორტი დღგ-ს გვერდით ავლით, თაღლითური გზით და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მეშვეობით ხორციელდებოდა, რის გამოც 100-ზე მეტი პირი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის იყო ერთ-ერთი მსხვილი ქსელის - ,,ფრეგოს” დამფუძნებელი. რამდენიმე თვის წინ, იგი დაიჭირეს წილები კი დააყადაღეს.

„ბიოილმა“, რომელიც ერთი თვეა ბაზარზე გამოჩნდა, „ფრეგოს“ სადგურების ნაწილი უკვე აითვისა. ამ ორ კომპანიას შორის კავშირის ეჭვს კი ის ფაქტი ბადებს, რომ ,,ფრეგო” იყო პირველი კომპანია, რომელმაც ბიოდიზელის საწარმოებლად ზეთოვანი კულტურა, რაფსის გამოიყენება სცადა.

"ფრეგოს“ საწვავის სახელს ახალ კომპანიასთან არ აკავშირებს „ბიოილის“ გენერალური დირექტორი რუსუდან რამაზაშვილი. „კომერსანტთან“ საუბრისას რამაზაშვილმა აღნიშნა 10 დეკემბერს, რომ "ბიოილის" "ფრეგოსთან " არანაირი კავშირი არ აქვს. არადა, 2017 წილის 30 მაისს, რამაზაშვილი "ტვ პირველის" გადაცემა, ,,ქალების ნარატივს” ,,ფრეგოს” დირექტორის სტატუსით სტუმრობდა. შესაბამისად, აშკარად საქმე გვაქვს ბაზარზე განხორციელებულ მანიპულაციასთან.

ჯერ კიდევ არ არსებობს ინფორმაცია, რა მოხდება ,,ლუკოილთან” დაკავშირებით. ხომ არ მოუწევს ყოფილ ხელისუფლებასთან აფილირებულ კომპანიას ოპერირების შეწყვეტა ან უკავშირდება თუ არა აღნიშნული საბაჟოს სკანდალს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს ეჭვს სწორედ ,,ფრეგოს” საქმის დროს გაჟღერებული ინფორმაცია უჩენს, რომ არაერთი ნავთობ კომპანია მონაწილეობდა თაღლითურ სქემაში.

,,ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს და შესაბამისად, რთულია რაიმე დასკვნის გამოტანა. ყველამ ვიცით, რომ ფინანსური პოლიცია ტყუილუბრალოდ მოკვლევას არ იწყებს. გარკვეული ეჭვები კი ნამდვილად ჩნდება წინა საქმიდან გამომდინარე. მაშინაც იყო საუბრები, რომ სქემაში რამდენიმე ნავთობკომპანია მონაწილეობდა. ფაქტია, ფინანსურ დარღვევებს აქვს ადგილი და ამის შესახებ ეჭვი აქვს საგამოძიებო სამსახურსაც”, - განუცხადა ბაირახტარმა ,,რეზონანსს”.

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ლუკოილ ჯორჯიას“ შემოსავალი - 332 340 000 ლარი იყო. მათ შორის შემოსავალი საბითუმო გაყიდვებიდან - 132 808 000 ლარი; შემოსავალი საცალო გაყიდვებიდან - 199 263 000 ლარი; ნავთობქიმიკატების და ნავთობპროდუქტების შეძენის ხარჯი - 317 828 000 ლარი; წლის ზარალმა - 13 581 000 ლარს მიაღწია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში 64 346 000 ლარის აქტივები იყო.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"