"მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება"

სემეკ-მა გაზის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელად დატოვა. შესაბამისი განცხადება სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ნარმანიას თქმით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება.

"სხვადასხვა პარამეტრებზე დაყრდნობით, დღეს ბუნებრივი აირის ტარიფები დავადგინეთ. დედაქალაქში ბუნებრივი აირის ტარიფი დარჩა უცვლელი. თუ ადრე ტარიფები მხოლოდ ერთი წლით დგინდებოდა, დღეს პირველად დავადგინეთ სამი წლით, ასე რომ, დედაქალაქის მოსახლეობას შეუძლია მომდევნო სამი წლის განმავლობაში იყოს მშვიდად, რადგან მომდევნო სამი წელი ტარიფების ზრდა არ მოხდება,"-აღნიშნა ნარმანიამ.

ამასთან, ნარმანიას თქმით, მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არაა. რაც შეეხება რეგიონებში გაზის ტარიფს, სემეკი "სოკარისთვის" ტარიფს უახლოეს დღეებში დაადგენს.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე შპს „თბილისი ენერჯისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები განიხილა.