დღეს ბათუმის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცდა. 2020 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 172 მილიონ 227 ათასი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
,,2019 წელს ბათუმის მერიამ განახორციელა მთელი რიგი უნიკალური პროექტები, რომლებსაც ანალოგი არ ჰქონია არათუ წინა წლებში, არამედ, ბოლო ათწლეულების მანძილზე. ინფრასტრუქტურული მიმართულება ძირითად პრიორიტეტად რჩება. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა გზების რეაბილიტაციასა და კომუნალური მეურნეობის განვითარებას. ბიუჯეტის დაზუსტებულ ვარიანტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული საბავშვო ბაღების მშენებლობა, ახალი სკვერების მოწყობა და მართვასთან დაკავშირებული საკითხები“,- აღნიშნა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მომდევნო წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით განსაზღვრულია 70 მილიონ 348 ათასი ლარი. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარება, საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის, ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და მართვა, ქალაქის კეთილმოწყობა. ამასთან, ქალაქის დასუფთავების მომსახურების, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 14 მილიონ 364 ათასი ლარი.
მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის 6 მილიონ 144 ათასი ლარი, ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარების მიზნით კი, 560 ათასი ლარია გათვალისწინებული. განათლების მიმართულებით 16 მილიონ 883 ათასი ლარია განსაზღვრული. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით კი - 13 მილიონ 509 ათასი ლარი. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, ბიუჯეტით გათვალისწინებულია 15 მილიონ 325 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ მომდევნო წელს ამ მიმართულებით ახალი პროგრამების განხორციელება დაიწყება, მათ შორის: ბათუმში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის ძალადობის მსხვერპლ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურება, სმენადაქვეითებულ ბავშვთა ოჯახის წევრებისათვის ქართული ჟესტური ენის სწავლება და შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის სუბსიდირება. ა(ა)იპ ,,მუნიციპალური ინსპექციის“ მიმართულებით კი ბიუჯეტში 3 მილიონ 444 ათასი ლარია გათვალისწინებული. სხდომის ბოლოს ლაშა კომახიძემ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალურ ანგარიშს საზოგადოებას მომდევნო წლის დასაწყისში წარუდგენს.