თსუ-ს რექტორი უნივერსიტეტისთვის პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი უნივერსიტეტისთვის პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვს.

ამის შესახებ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ერთი წლის განმავლობაში მისი რექტორად მუშაობის ანგარიში წარადგინა. როგორც პაპავამ განმარტა, დასავლეთის სახელმწიფოების უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების შენატანი ბიუჯეტში მხოლოდ 10 პროცენტია, მეტი წილი სახელმწიფოს მხარდაჭერაზე მოდის, საქართველოში კი სახელმწიფოს მხარდაჭერა ნულის ტოლია.

პაპავამ განმარტა, რომ დღეისთვის უნივერსიტეტში სწავლის საფასური 2250 ლარს შეადგენს, არის ისეთი პროფესიები, რომელშიც სტუდენტის მოსამზადებლად ბევრად უფრო მეტი დანახარჯია საჭირო, კერძოდ, ქიმიის, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტების მოსამზადებლად.

თსუ-ს რექტორის განმარტებით, მათ არ შეუძლიათ გაზარდონ სწავლის საფასური, ან მოახდინონ დიფერენცირება, რადგანაც სახელმწიფოს გრანტის ოდენობა სწორედ 2250 ლარს შეადგენს. უნივერსიტეტის რექტორი სახელმწიფოსაგან პირდაპირ დაფინანსებას ითხოვს და იმედოვნებს, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ამის ასახვა მოხდება.

პაპავას განცხადებით, თუ უნივერსიტეტს დაფინანსება მიეცემა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მოხდება პროექტის შედგენა, რაში უნდა დაიხარჯოს გამოყოფილი თანხა და შემდეგ ამ თანხის ხარჯვას უნივერსიტეტის წარმომამადგენლობითი საბჭო გააკონტროლებს.

ვლადიმერ პაპავას თქმით, უნივერსიტეტის I კორპუსი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით გარემონტდა, დანარჩენ კორპუსებში კი, სავალალო მდგომარეობაა და რემონტს საჭიროებს.