საქართველოს საფინანსო ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაცია 19 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუუქმდა.
ეს მაშინ, როდესაც 11 თვეში სესხის გამცემი უკვე 204 სუბიექტი დარეგისტრირდა.
კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მისო-ების რაოდენობა 67-დან 48 ერთეულამდე შემცირდა. დღეს ქვეყანაში 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს (2018 წლის ნოემბერში - 67 ორგანიზაცია).
ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა კომერციული ბანკების სერვის-ცენტრების რაოდენობა. თუ 2018 წლის ნოემბრის მონაცემით, საქართველოში კომერციული ბანკების 793 სერვის-ცენტრი მოქმედებდა, წელს ნოემბერში ეს რაოდენობა 823-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ფილიალების რაოდენობას, 2019 წლის ნოემბერში 148 ერთეული ოპერირებდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 134.
ერთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების რიცხვი. კერძოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში, ისევე როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მათი ოდენობა 2-ს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში 191 ერთეულით შემცირდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა. თუ 2018 წლის ნოემბერში ბაზარზე ვალუტის გადამცვლელი 1035 პუნქტი ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 844-ს შეადგენს.
სამაგიეროდ, სწრაფად იზრდება სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა და დღეს უკვე 204 ერთეულს შეადგენს. იანვარში, როდესაც ასეთ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა, თებერვალში კი რეგისტრაცია უკვე 75 სესხის გამცემ სუბიექტს ჰქონდა გავლილი.