ავტომობილებში კატალიზატორის ქონის ვალდებულება გადავადდა. კერძოდ, როგორც რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანაშვილმა განაცხადა, არსებულ რეგლამენტში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კატალიზატორის ვალდებულება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, თუმცა მანამდე, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან პარამეტრების გამკაცრება მოხდება.
„არსებულ რეგლამენტში შევიდა ცვლილებები. ეს რომ არ მომხდარიყო, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან პირდაპირ ჩნდებოდა ვალდებულება, რომ კატალიზური კონვერტორი (კატალიზატორი) ყველა იმ ავტომობილს უნდა ჰქონოდა, რომელსაც ქარხნულად ჰქონდა დამონტაჟებული. პლუს ამას, გამართულად უნდა ემუშავა კატალიზატორს, რომელიც მოწმდება გამზომ ხელსაწყოზე. ამ ცვლილების შესაბამისად, პარამეტრების გამკაცრება 2020 წლის 1-ლი აპრილისთვის გადაიწია. კერძოდ, თუ დღემდე იყო, რომ co-ს შემცველობა გამონაბოლქვში არ უნდა აჭარბებდეს 0.8%-ს, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან 0.7%-მდე ჩამოდის (ძრავის როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე), ხოლო 2021 წლიდან 0,6%-ზე, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან კი გადავდივართ ევროპულ სტანდარტზე. ეს ნიშნავს იმას, რომ კატალიზური კონვერტორი უნდა ჰქონდეს ყველა ქარხნულად დამზადებულ ავტომობილს, რომელსაც კატალიზატორი აქვს კონსტრუქციულად, უნდა აკმაყოფილებდეს ნორმას, 0.5% და 0.3% როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე. საკმაოდ მკაცრი რეგუალციაა, თუმცა ეს შემოდის 2022 წელს“,-აღნიშნა ვაჟა იორდანაშვილმა.
თუმცა, როგორც ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, 2020 წლიდან ევროსტადარტების დაკმაყოფილება მოუწევს იმ იმპორტირებულ ავტომობილებს, რომელიც 2020 წლის 1-ლი აპრილიდან პირველად რეგისტრაციას საქართველოში გაივლიან.
„აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია დასაზუტებელი, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან უკვე ის კატეგორია ავტომობილების, რომლებიც პირველად რეგისტრაციას გაივლიან საქართველოში, იმპორტირებულზეა საუბარი, უკვე მოეთხოვებათ ევროპული ნორმა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინონ დილერებმა და ისეთი ტიპის ავტომობილები შემოიყვანონ, რომელზეც კატალიზური კონვერტორის გამართული მუშაობა გარანტირებული იქნება. სხვა შემთხვევაში ისინი ვეღარ გაივლიან ტექინსპექტირებას“,-აღნიშნა ვაჟა იოდანაშვილმა.
კითხვაზე, პარამეტრების დაკმაყოფილება იქნება თუ არა დამოკიდებული ავტომობილების ასაკზე, ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არა.
„დღესაც გვაქვს შემთხვევები, როდესაც უკვე გატესტილი იმ 700 ათასზე მეტი ავტომობილიდან, შეიძლება არ ჰქონდეს კატალიზური კონვერტორი, იყოს 10 და მეტი წლის ავტომობლი, თუმცა დააკმაყოფილოს 0.8%-იანი, 0.7%-იანი და 0,6%-იანი ნორმაც კი.
ეს დამოკიდებულია ძირითადად შიგა წვრის ძრავზე, თუ რამდენად სწორად ხდება საწვავის წვა და აშ.",-განაცხადა ვაჟა იოდანაშვილმა.