ზოგადად მიმაჩნია, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ, ესაა სწორი მიდგომა, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, რამდენად სწორად მიაჩნია მიდგომა, რომ ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების გადაუხდელობის გამო.
„მე ზოგადად მიმაჩნია ერთი რამ, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ. ესაა სწორი მიდგომა და შესაბამისად ყველას, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, მოუწევს გადასახადების გადახდა,“-აცხადებს კალაძე.
შეგახსენებთ, 23 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, ერთი დღის ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.
გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო.