ავტომობილებს გამონაბოლქვზე გარემოს დაცვის სამინისტროს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ერთობლივად შეამოწმებენ

მომავალი წლიდან გარემოს დაცვის და საპატრულო პოლიციის ერთობლივი ეკიპაჟები შეიქმნება, რომლებიც ავტომობილებს გზებზე გადაამოწმებენ და შესაბამისად, დააჯარიმებენ.

ამის შესახებ ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ტექინსპექტირების შედეგების შეჯამებისას, სწორედ გამონაბოლქვია ის ერთ-ერთი ძირითადი ხარვეზი, რომელიც იკვეთება.

„სტატისტიკას თუ გადავხედავთ, რეალურად, პირველი 11 თვის განმავლობაში პირველადი ტექინსპექტირება გაიარა 719 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ. თუ მომსახურების სააგენტოს მონაცემებს დავეყრდნობით, რომლის მიხედვითაც 1,3 მლნ -ზე მეტი რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებაა და თუ, 11 თვეში გაიარა 719 ათასმა (მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში გაიაროს 800 ათასამდე სატრანსპორტო საშუალებამ), გამოდის, რომ 500 ათასი სატრანსპორტო საშუალება ან რეგისტრირებულია და გზაზე არ დადის, ან ეს 500 ათასი არ გადის პირველად ტექნიკურ ინსპექტირებას. ორივე შემთხვევაში, ეს არ არის კარგი მონაცემი. თუ არ დადის, ე.ი რეგისტრაციაშია, თან აქტიური სტატუსით და მნიშვნელოვნად დასაკორექტირებელია ბაზები. და მეორე, თუ დადის და ინსპექტირებაგაუვლელად არის 500 ათასი ერთეული, ეს მეორე სავალალო შედეგია. თუმცა შეჯამება რომ გავაკეთოთ, დიდ ქალაქებში, მაგალითად, თბილისში ვიზუალურადაც ჩანს, რომ ტექნიკურად იმდენი გაუმართავი სატრანსპორტო საშულება აღარ დადის, რამდენსაც ადრე ვხედავდით.

რა თქმა უნდა, არის ხარვეზები გამონაბოლქვის მიმართულებით. მართალია, შემცირებულია ასეთი ტიპის რაოდენობები, მაგრამ მოჭარბებული კვამლიანობა განსაკუთრებით ისევ ეტყობა საქალაქო ტრანსპორტს, როგორც ყვითელ ავტობუსებს, ისე მიკროავტობუსებს“,- განაცხადა ვაჟა იორდანაშვილმა.

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი, გზებზე მონიტორინგის არარსებობაა: „რეალურად, ინსპექტირება არის ერთჯერადი პროცესი, რომელსაც ავტომობილი გადის წელიწადში ერთხელ, აქედან გამომდინარე, ამ პროცესში ალბათ, ჯერ კიდევ არის მძღოლების მიერ შემუშავებული გარკვეული მექანიზმები, რომლითაც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს. თუმცა, ფაქტია, გზებზე მონიტორინგი რეალურად არ გვაქვს. ჭკვიანი კამერა უბრალოდ ვერ დააფიქსირებს კვამლიანობის გამო, შესაბამისად, ვერ დააჯარიმებს. შედეგად, მძღოლები უკვე აღარ აქცევენ ყურადღებას და უბრალოდ, დადიან უხარისხო საწვავით, რაც ქმნის რალურად ასეთ კვამლიანობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია ის, რაც დაგეგმილია მომავლი წლიდან. კერძოდ, გარემოს დაცვისა და საპატრულო პოლიციის ერთობლივი ეკიპაჟები შეიქმნება, რომლებიც გზაზე გადაამოწმებენ ავტომობილებს და ასევე, დააჯარმებენ“,- განაცხადა ვაჟა იორდანაშვილმა.

ცნობისთვის, არსებული რეგლამენტის მიხედვით, CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში არ უნდა აჭარბედეს 0.8%-ს. თუმცა, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან ეს მაჩვენებელი 0.7%-მდე ჩამოდის (ძრავის როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე), ხოლო 2021 წლიდან 0,6%-ზე, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან კი, 0.5% -0.3%-მდე.

ნინი ქეთელაური