თბილისის და რამდენიმე დიდი ქალაქის საჯარო სკოლები 2020 წელს ვიდეოკამერებით აღიჭურვება.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განუცხადა.
როგორც დგებუაძემ აღნიშნა, ვიდეოკამერების დამონტაჟება ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლაში მოხდება.
„2020 წელს გვაქვს დაგეგმილი სკოლების კამერებით აღჭურვა და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მოვიცავთ ყველა სკოლას. ამ ეტაპზე ჩვენ დავგეგმეთ, რომ პირველ რიგში მოვიცვათ თბილისის და დიდი ქალაქების სკოლები და მერე გადავალთ სხვა დანარჩენ სკოლებზე. ზუსტ თანხას ვერ გეტყვით, რა შეიძლება გამოვყოთ კამერების შესასყიდად. გეგმა არის ის, რომ 2020 წელს დავიწყებთ დედაქალაქის და დიდი ქალაქების აღჭურვას.
რაც შეეხება დეტექტორებს, ამაზე ჯერ საუბარი არ გვქონია ყველა სკოლა აღიჭურვება თუ არა. ყოველ შემთხვევაში განიხილება სხვადასხვა ვარიანტები და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწოდებთ“, - განაცხადა დგებუაძემ.
მისივე თქმით, სამინისტრო ასევე გეგმავს საჯარო სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მანდატურის სამსახური გააძლიეროს, ხოლო კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები გადაამზადოს.
„მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა. ვგეგმავთ, უზრუნველვყოთ 223 კერძო სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება. ძალიან ძნელია ვთქვა, რომ ეს ერთ ან ორ თვეში მოხდება. მაგრამ 2020 წელს დავიწყებთ ამ ადამიანებისთვის გადამზადების პროცესს და ვეცდებით, წლის ბოლომდე მოვიცვათ ყველა კერძო სკოლა. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლი პირი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება განსაზღვროს თვითონ სკოლის ადმინისტრაციამ, შეიძლება ეს იყოს პედაგოგი ან დირექტორის მოადგილე“, - განაცხადა დგებუაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფია შექმნილი. ჯგუფი ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და პრევენციისთვის უწყებების მიერ განსახორციელებელ ამოცანებზე მუშაობს. უწყებათაშორის ჯგუფში შედიან - ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ფსიქოლოგები და დარგის სპეციალისტები.