სახელმწიფომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უდიდესი ხელშეწყობა გამოიჩინა, რაც კი ოდესმე ყოფილა ისეთ პროექტში, სადაც კერძო ინვესტორი მონაწილეობს. ამაზე მეტად ხელშეწყობილი მხოლოდ სახელმწიფო პროექტებია და მაშინ დგება საკითხი, რაღას აკეთებს ინვესტორი?,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ნათია თურნავას შეფასებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა. მისივე თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პროექტი შედგეს.
„მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, ამ ორწლიანი დაგვიანების და ყველაფრის შემდეგ, არსებულ ინვესტორს რამდენად აქვს რესურსი ანაკლიის პროექტში რაიმე ღირებულება შექმნას, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი, საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის შემხედვარე, კითხვის ნიშანს დავსვამდი.
იცით, რომ 2017 წლის შემდეგ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მოთხოვნით“ ხდებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობის გადავადება. ამასობაში რეკორდულად გაიზარდა გადაზიდვები საქართველოს გავლით. ჩვენ საკმაოდ დიდ შესაძლებლობებს ვკარგავთ. დღეს ჩვენი პორტები გადატვირთულია. სამწუხაროდ, მომდევნო წელს, როდესაც პორტი უკვე მოქმედებაში უნდა ყოფილიყო, ჩვენ კვლავაც არ გვაქვს პროექტი. თითოეული დაგვიანებული მსხვილი რეგიონალური პროექტი არის მიუღებელი ინვესტიცია დროულად არშექმნილი სამუშაო ადგილები და დანაკლისი ჩვენთვის,“-აცხადებს თურნავა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებას სამთავრობო გუნდი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებით, ვადის საბოლოოდ ამოწურვის, ანუ 31 დეკემბრის შემდეგ მიიღებს.