„საქართველოს მოსახლეობა მომავალი სამი წელი მშვიდად იყოს - დიდი იმედი მაქვს, გაზის ტარიფები არ გაიზრდება"

მთლიანად საქართველოს მოსახლეობა მომავალი სამი წელი შეიძლება იყოს მშვიდად, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაზის ტარიფები არ გაიზრდება,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სემეკ-მა უკვე დაადგინა გაზის ტარიფი თბილისისთვის და ტარიფი არ გაზრდილა. მას ასევე მოლოდინი აქვს, რომ ზრდა არც რეგიონებში დაფიქსირდება.

“სემეკი ამ დღეებში განიხილავს დანარჩენი საქართველოს ტარიფებს და მე მათ ფუნქციაში არ ჩავერევი, მაგრამ ძალიან დიდი იმედი და სრული საფუძველი მაქვს ვივარაუდო, რომ მთლიანად საქარველოს მოსახლეობა მომავალი სამი წელი შეიძლება იყოს მშვიდად, გაზის ტარიფები არ გაიზრდება,“-აცხადებს თურნავა.

როგორც მინისტრი აცხადებს, ზრდა არც ელექტროენერგიის ტარიფების შემთხვევაშია მოსალოდნელი.

თურნავას თქმით, ბაზარი გახსნილი და კონკურენტულია. იმპორტული ელექტროენერგიის 60% აზერბაიჯანიდან შემოდის, 40% კი სხვადასხვა მომწოდებლებზე ნაწილდება, რომელთა შორის რუსეთი და თურქეთიცაა.

„მთავარია ჩვენი მოსახლეობის ინტერესი. ტარიფები რომ ვმართოთ, ამიტომაა ეს გეოგრაფია არჩეული. საიდანაცაა იაფი და სარფიანი, კონკურენციაში ვამყოფებთ ამ მიმართულებებს და ხედავთ, რომ მოხმარების ზრდის მიუხედავად, ვაბალანსებთ ტარიფებს. აქაც მინდა, რომ მოსახლეობა მშვიდად იყოს. ასეთი პოლიტიკის და ენერგეტიკული რეფორმის მეშვეობით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უახლოეს წლებში ტარიფები მართვადი იყოს,“-აღნიშნა თურნავამ.

რაც შეეხება ადგილობრივ გენერაციას, მინისტრის თქმით პრობლემაა, ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას და მოსახლეობასთან მეტ დიალოგს მოიცავს. მინისტრმა რამდენიმე მსხვილ ენერგოპროექტზე გაამახვილა ყურადღება.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, როდესაც ვსაუბრობთ 2020 წელი იქნება ინვესტიციების წელი, პირველ რიგში ენერგეტიკას ვგულისხმობ, წელს დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტებიდან გამომდინარე. მაგალითად „ნამახვანი“ ჰესი, რომლის მშენებლობის ნებართვის აღების პროცესსაც ახლა ასრულებს ინვესტორი და იმედი გვაქვს, რომ იანვარში, თუ არა თებერვალში შევძლებთ მშენებლობის დაწყების ინაუგურაციას. „ნენსკრა“ ჰესზე, რომელსაც ბევრი გამოწვევა შეხვდა, ყველა წინაპირობა გვაქვს ვთქვათ, რომ გაისად ძირითადი სამუშაოები დაიწყება,“-აცხადებს თურნავა.