ნათია თურნავა - ადამიანებს დასაქმების პერსპექტივა უნდა შევუქმნათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ

როდესაც ჩვენ პროაქტიულ დასაქმების პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ადამიანებს დასაქმების პერსპექტივა და შესაძლებლობა უნდა შევუქმნათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რაც გამოსავალი ან პრობლემის გადაწყვეტა არ არის, ეს ჩვენი უფლებების რეალიზებაა,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ამით მინისტრმა უპასუხა წამყვანის კითხვას, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ დასაქმების თაობაზე.

თურნავას შეფასებით, ეს უფლებები ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით მოგვენიჭა, რომელიც არამარტო თავისუფალ ვაჭრობას, ან საქონლისა და მომსახურების თავისუფალ გადაადგილებას, არამედ ღირსეული, ლეგალური დასაქმების უფლებას გულისხმობს.

„როდესაც ჩვენ პროაქტიულ დასაქმების პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ადამიანებს დასაქმების პერსპექტივა და შესაძლებლობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ქვეყნის გარეთ უნდა შევუქმნათ. ეს რაიმე გამოსავალი ან პრობლემის გადაწყვეტა არ არის. ეს ჩვენი უფლებების რეალიზებაა. ეს უფლებები ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით მოგვენიჭა, რომელიც გულისხმობს, არამარტო თავისუფალ ვაჭრობას ან საქონლისა და მომსახურების თავისუფალ გადაადგილებას, არამედ ღირსეული ლეგალური დასაქმების უფლებას. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ კურსს და მთლიანობაში ეს ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანია, რომ ჩვენ ჩვენს საერთო ევროპულ სახლში არამარტო დასასვენებლად, ან ტურიზმის მიზნით დავდიოდეთ, არამედ გვქონდეს ერთობლივი ბიზნესები. გვქონდეს აქ განათლება მიღებული ადამიანებისთვის შესაძლებლობა, რომ ჩვენი დიპლომები იყოს აღიარებული. ამას ორგანულად მოჰყვება ის, რომ ადამიანმა აირჩიოს სად, რა მომენტში უნდა ადამიანს დასაქმება, ეს იყოს ლეგალური და ჩვენი სახელმწიფო ყველგან იცავდეს მათ უფლებებს. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ ეს არის ის უფლება, რომელიც მოვიპოვეთ და ახლა ამის რეალიზება გვინდა“,-განაცხადა ნათია თურნავამ.