კორეის რესპუბლიკის მთავრობასთან განვიხილავთ ორი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს, მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება არის ინვესტიციები და ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ შეთანხმებაზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ორმხრივ ხელშეწყობას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სეულში განაცხადა, სადაც ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ქართულმა დელეგაციამ, რომელსაც გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა, კორეულ მხარესთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი გამართა „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს და შეაჯერეს შეთანხმების პროექტის სხვადასხვა მუხლები და დებულებები.
„მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მხარეთა მიერ შეთანხმების მიხედვით იქნება განსაზღვრული“, - აღნიშნა არველაძემ.
კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, მათ შორის ხაზგასასმელია ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა, რომელიც გენადი არველაძისა და ეკონომიკურ საკითხებში კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, იუნ კანგ-ჰიონის თანათავმჯდომარეობით სეულში ჩატარდა. შეხვედრას გენადი არველაძესთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესწრებოდა.