ბექა ნაცვლიშვილი კომპანია „ფრონტერას“ საქმიანობასთან დაკავშირებით ამერიკის სავაჭრო პალატასა და საქართველოს მთავრობას მიმართავს

ბექა ნაცვლიშვილი კომპანია „ფრონტერას“ საქმიანობასთან დაკავშირებით ამერიკის სავაჭრო პალატასა და საქართველოს მთავრობას მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის 17 დეკემბერს, რაც თანამშრომლებმა უხელფასოდ მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, კახეთში, კერძოდ დედოფლისწყაროში მომუშავე ნავთობკომპანიამ შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“, 84 თანამშრომელი გაათავისუფლა და კომპანიას, თანამშრომლების 11 თვის სახელფასო დავალიანება მართებს.

„მე ადგილზე გავეცანი ვითარებას. ვესაუბრე მშრომელებს. მდგომარეობა საგანგაშოა. პირველი: მშრომელები დარჩნენ მათი ელემენტარული საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობების გარეშე, მათ შორის, გაზი და ელექტროენერგია, რადგან ვეღარ იხდიან კომუნალურ გადასახადს. მეორე, მათ აქვთ საბანკო ვალდებულებები, რომლის მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, საბანკო ვალდებულებების ტვირთი მათთვის საგრძნობლად გაიზრდება. მესამე, მათ აქვთ საფუძვლიანი შიში, რომ სამუშაო ადგილები არ შეუნარჩუნდებათ. მეოთხე, ნავთობის რეზერვუარების გადავსების შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეთ გარემოს დაბინძურების სერიოზული რისკის წინაშე.

მოგეხსენებათ, რომ ნავთობკომპანია შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ არის საეჭვო რეპუტაციის კომპანია. ამას მოწმობს ქართული სახელმწიფოს მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებები, მიმდინარე დავა საერთაშორისო არბიტრაჟში და ფასიანი ქაღალდების ბირჟიდან კომპანიის მოხსნა. არაფერს ვამბობ აქციონერებისა და ინვესტირების უკმაყოფილებაზე კომპანიის მიმართ.

ამ შემთხვევაში ჩემი ინტერესი არა აქციონერები და ინვესტორებია, არამედ მშრომელები.

მოგეხსენებათ, რომ კომპანია შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ არის საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის, ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი. ამერიკის ხელისუფლება სამართლიანად მიუთითებს ხოლმე საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყურადღება გაამახვილოს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში და გადადგას ნაბიჯები ვითარების გამოსასწორებლად.

ამიტომ, მე ვითხოვ ამერიკის სავაჭრო პალატისგან მოახდინოს მის წევრი ორგანიზაციის მიერ, საქართველოში წარმოებული საქმიანობის შედეგად, დარღვეულ შრომის უფლებებზე მკაცრი რეაგირება. აიღოს პასუხისმგებლობა მის საქმიანობაზე და გადადგას ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულების წინაშე არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვექნება ორმაგ სტანდარტთან, როცა ამერიკის მთავრობა ითხოვს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუმჯობესებას და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანია კი არღვევს ამ უფლებებს.

აგრეთვე მივმართავ საქართველოს მთავრობას, ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენოს და სათანადო ყურადღება დაუთმოს დედოფლისწყაროში, კომპანიაში „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ დასაქმებული ადამიანების მდგომარეობას და ყველა ზომა მიიღოს მათ წინაშე მდგარი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

როგორც დამსაქმებელს, ისე სახელმწიფოსაც ეკისრება პასუხისმგებლობა დასაქმებულების მიმართ. წიაღისეულის მოპოვება არის სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი სფერო, ის ეხება ეროვნულ სიმდიდრეს, ამიტომ სხვა საქმიანობასთან შედარებით სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ერთი ორად მაღალია“, - აღნიშნულია ბექა ნაცვლიშვილის განცხადებაში.