ვფიქრობ, ამ ტელევიზიების მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა, დაფარონ ნებისმიერი დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ტელევიზიებზე ინკასოს დადების საკითხს.
მისივე თქმით, როცა მედიის დავალიანებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს სწორი ინფორმაცია.
“ის, რომ პირველ ოქტომბრამდე დავალიანება ჰქონდა ამ ტელევიზიებს, იმის გადანაწილება წლების განმავლობაში არ იყო პრობლემა. თხოვნა იყო პირველი ოქტომბრის შემდეგ არ დაგროვილიყო, ინკასოც სწორედ ამ დავალიანებაზეა ორიენტირებული. ციფრები ზუსტად არ ვიცი, არც მოლაპარაკების შედეგები, მაგრამ რეალურად ამ დავალიანების არდაგროვება შეიძლებოდა და ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული ადამიანები არიან ჩართულნი, ამ ტელევიზიების მფლობელები თუნდაც, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი დავალიანება დაფარონ სახელმწიფოს მიმართ,” - განაცხადა გია ვოლსკიმ.