ბოლნისში ისტორიის კონკურსი „დიდგორელის" ფინალური ტური გაიმართა

ბოლნისში ისტორიის კონკურს ,,დიდგორელის’’ ფინალური ტური გაიმართა. საგანმანათლებლო პროექტმა, რომლის გენერალური სპონსორი კომპანია „არემჯია“, სტარტი 2019 წლის შემოდგომას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აიღო. წლის ბოლოს კი „დიდგორელს“ უკვე ბოლნისმა უმასპინძლა.

კონკურსის ავტორების თქმით, პროექტის მთავარ მიზანს საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია წარმოადგენს. 2 კვირიან მარათონში ბოლნისის მუნიციპალიტეტის 120-მდე უფროსი კლასის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

პროექტის შვიდმა ფინალისტმა 4 დაძაბული ტურის შემდეგ, უკან 100-ზე მეტი კონკურსანტი ჩამოიტოვა. საუკეთესო შედეგი კი დაბა კაზრეთის მე-2 სკოლის მოსწავლე საბა შალიკიანმა აჩვენა. ის 6 თვის მანძილზე ,,არემჯისგან“ დაწესებულ სტიპენდიას მიიღებს.

„დიდგორელის“ ორგანიზატორებმა, ბოლნისის მერიაში გამართულ საფინალო შეხვედრაზე, პროექტის მონაწილეები და მათი პედაგოგები სამახსოვრო სიგელებითა და წიგნებით დააჯილდოვეს.