ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ტარიფები, რომლებიც განისაზღვრა კარდიოქირურგიის და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით, ძალაშია

520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ ტარიფები, რომლებიც განისაზღვრა კარდიოქირურგიის და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით, ძალაშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე , რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებიან, მთავარი განსახილველი საკითხი ჯანდაცვის რეფორმის ძირითადი მიმართულებების განხილვა და დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შენიშვნების და მოსაზრებების მოსმენაა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ გვიანდება სახელმწიფოს მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის თანხის ანაზღაურება, მინისტრის მოადგილე ამას ტექნიკურ ხარვეზებს და ფინანსების მობილიზების პრობლემას უკავშირებს.

"იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, კლინიკებს დასაზუსტებლად დაუბრუნდათ გარკვეული თანხები და ამის გამო გადავადდა ანაზღაურება. ასევე იყო ფინანსების მობილიზების თემაც,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კლინიკების ანაზღაურების პროცესი.

"ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რომ საკითხი გადაიჭრას უმოკლეს ვადაში. მიმდინარე რეფორმის მთავარი მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსური მდგრადობა იქნას უზრუნველყოფილი და მომავალ წელს კიდევ არ მოგვიხდეს დავალიანების თემაზე საუბარი,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2 საათზე მეტია მიმდინარეობს შეხვედრა, რომელსაც 100-მდე კლინიკის ხელმძღვანელი და ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები ესწრებიან.