არსებულ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ ავტომობილებსაც შეეხება. როგორც რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანაშვილმა განაცხადა, აღნიშული ავტომობილების მფლობელებისთვის რეგულაციები არა 2020 წლის 1-ლი იანვრიდან, არამედ, 1-ლი აპრილიდან ამოქედდება.
კერძოდ, თუ მძღოლი საჭის გატანას და ტექინსპექტირების გავლას 2020 წლის 1-ელ აპრილამდე მოასწრებს, მისი ავტომობილი ტექინსპექტირებას შემდგომ წლებშიც ჩვეულებრივ გაივლის. თუმცა, აღნიშული პერიოდის შემდგომ, საჭის გადატანა (შესაბამისად, ტექდათვალიერება) აიკრძალება.
ვაჟა იორდანაშვილის თქმით, მსგავსი რეგულაციები ვრცელდება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზეც. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ აპრილიდან მარჯვენასაჭიანი რეგისტრირებული ავტომობილები, რომელიც ტექინპექტორებასაც ამავე ვადაში გაივლიან, შემდგომ წლებშიც შეძლებენ ტექდათვალიერებას. თუმცა უკვე 1-ლი აპრილიდან იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლიან.
„მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის რეგულაცია 2020 წლის 1-ელ აპრილიდან ამოქმედდება. ანუ ის სატრანპორტო საშუალებები, რომელსაც საჭე გადატანილი აქვს ან გადაიტანენ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე, დაშვებულია და გაივლიან ტექინპექტირებას. შემდგომ უკვე 2020 წლის 1-ლი აპრილიდან საჭის გადატანა იკრძალება. შესაბამისად, ისინი ვეღარ გაივლიან ტექდათვალიერებას.
რაც შეეხება დასტიკერებულ ფარებს, ესეც 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დაშვებულია. ამის შემდგომ აიკრძალება.
გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელვანი ცვლილება ეხება თხევად აირზე მომაშავე ავტომობილებს. მათთვის სავალდებულო ხდება, რომ ტექინპექტირებამდე გაიარონ შემოწმება თხევად აირზე და მის გამართულ მუშაობაზე“,- აღნიშნა ვაჟა იოდანაშვილმა.