ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი „მორთული“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს უნიკალური დიზაინის მქონე წინდებს სთავაზობს. ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ 7 სხვადასხვა უძველეს ორნამენტიან წინდებს აწარმოებს, თუმცა მომავალში ხაზის გაფრთოებასაც გეგმავენ.
პროდუქციის რეალიზაცია ჯერჯერობით მხოლოდ ინტერნეტით ხდება და მისი ფასი 10 ლარია.
ამ ეტაპზე კომპანია უშვებს სვანურ, მეგრულ, მეხუთე საუკუნით დათარიღებულ ბოლნისის ორნამენტიან წინდებს, ასევე ორი სახეობისაა თუშური ორნამენტებით. რაც შეეხება ფერებს, წინდები არის ყვითელი, მწვანე, შავი და ნაცრისფერი.
კომპანიის დამფუძნებელი და დიზაინერი თეა რამიშვილში აცხადებს, რომ კარიერის ხელოვნებასთან დაკავშირება ბანკში 15-წლიანი მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა. სწორედ ამიტომ შეისწავლა გრაფიკული დიზაინი, საბანკო კარიერა დაასრულა და ახალი ბრენდი შექმნა.
როგორც თეა რამიშვილმა „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ბრენდის შექმნის იდეა მოგზაურობისას გაუჩნდა.
„მოგზაურობა ძალიან მიყვარს და საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოვიარე. მოგზაურობისას ქართულ ორნამენტებს სულ სურათებს ვუღებდი და პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი. შემდეგ ძველი ქართული ორნამენტებზე წიგნების კითხვა დავიწყე. მიმდინარე წლის სექტემბერში სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ბანკში მუშაობას თავი დავანებე და მთლიანად ხელოვნების სფეროში გადმოვერთე.
ყველა ეს ორნამენტი ჩემი მოგონილი არ არის, ყველაფერს არქივიდან ვიღებთ და სათითაოდ დიზაინს ვაკეთებ. ქართული ორნამენტები პრაქტიკულად ყველა კუთხეს აქვს, ვარჩევ ისეთს, რომელიც წინდას მოუხდება, უფრო ხშირად ფასადებისა და სახლების მორთულობით. ყველა წიგნში ორნამენტი მოხსენიებულია როგორც მორთულობა, ბრენდის სახელიც აქედან გაჩნდა, თან მხოლოდ წინდებთან დაკავშირება არ მინდოდა, რადგან მომავალში ვფიქრობ სამოსზეც გადავიტანო.“ - განაცხადა რამიშვილმა.
ამ ეტაპზე ქართული ბრენდის წინდები მხოლოდ ინტერნეტით იყიდება, თუმცა რამიშვილი იმედოვნებს, რომ მალე სავაჭრო ცენტრებშიც გამოჩნდება.
„ამ ეტაპზე სავაჭრო ცენტრებთან მოლაპრაკებები მიმდინარეობს, რომ სტენდები გაკეთდეს, ასევე გვინდა, რომ პროდუქცია დუტი ფრიშიც იყოს წარმოდგენილი, რადგან ვფიქრობ, უცხოელებისთვისაც საინტერესო იქნება. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე საბურთალოს მოლში გავაკეთებს სტენდს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გაზაფხულზე ვფიქრობთ, რომ ორნამენტები მაისურზეც გადავიტანოთ და მომავალი წლის ზამთარში ნაქსოვი ზედები გამოვუშვათ. თემა იქნება მხოლოდ ქართული ორნამენტები, სხვა თემისკენ გადახვევას არ ვაპირებთ.“ - განაცხადა რამიშვილმა.