მედიკოსების ინფორმაციით, მინისტრებისგან მიიღეს დაპირება, რომ 520-ე დადგენილების განხილვა კლინიკურ გუნდებსა და პროფესიონალებთან ერთად მოხდება

მივიღეთ დაპირება, რომ 520-ე დადგენილება და ტარიფებთან დაკავშირებული საკითხი, განხილული იქნება კლინიკურ გუნდებსა და პროფესიონალებთან ერთად, - ამის შესახებ ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებთან კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

კლინიკის დირექტორის თქმით, კმაყოფილია იმით, რომ სამინისტროსთან დიალოგი დაიწყო.

„დიალოგის დაწყება ნიშნავს იმას, რომ რაღაც კონსენსუსამდე მივალთ. მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც გაჟღერდა სამინისტროს მხრიდან, ნამდვილად დღის წესრიგში იყო დასაყენებელი და აქტუალური. განვიხილეთ თემები ფასებთან დაკავშირებით, სადაც დავდეთ პირობა, რომ მუშაობა ერთიანად მოხდებოდა, როგორც სამინისტროს, ასევე კლინიკის წარმომადგენლების მხრიდან. მეორე იყო სელექტიური კონტრაქტირების თემა, მესამე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის გადაფასების საკითხი და სამედიცინო მომსახურების ხარისხი ზოგადად. დღევანდელი ჯანდაცვა ამ ყველა მიმართულებით საჭიროებს განახლებას, მით უმეტეს, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეში კლინიკებთან ერთად მოხდება საკითხების განხილვა და მივალთ კონსენსუსამდე, რომელიც არ დააზიანებს პაციენტის მომსახურების ხარისხს და კლინიკებს საშუალება ექნებთ, მაღალი სამედიცინო მომსახურება გაუწიონ საზოგადოებას“, - განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2 საათზე მეტია მიმდინარეობს შეხვედრა, რომელსაც 100-მდე კლინიკის ხელმძღვანელი და ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები ესწრებიან.