ტელეკომპანია „კავკასია“ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „კავკასიამ“ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შემოსავლების სამსახურში ელექტრონული ფორმით გაგზავნა დღეისათვის არსებული მისი დავალიანების – 26 226 ლარის და 92 თეთრის ერთ წელზე გადანაწილების მოთხოვნა, - ამის შესახებ ნათქვამია ტელეკომპანია „კავკასიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული მარტივი პროცედურა და მისი დაკმაყოფილება ერთი დღის ვადაშია შესაძლებელი. როგორც ტელეკომპანიაში აღნიშნავენ, ამით ფინანსთა სამინისტროს აძლევენ შანსს, გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა.

„ფინანსთა მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდგე ჩვენთვის ნათელია, რომ:

ხელისუფლება მის მიმართ ლოიალურად განწყობილ ტელეკომპანიებს -„იმედს“, „მაესტროს“, „რუსთავი 2“-ს აყენებს სასათბურე მდგომარეობაში და აპირებს პრაქტიკულად აპატიოს მათ 55- მილიონიანი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, ამ დავალიანების რესტრუქტურიზაციის და ფორმალურად 10 წელზე გადანაწილების გზით, რათა არ შეუქმნას დისკომფორტი ამ არხებს და შეუნარჩუნოს მათ საბაზრო უპირატესობა;

ყველა გადაწყვეტილება ტელეარხების დავალიანებასთან და მათ ამოღებასთან დაკავშირებით მიიღება ყოველგვარი ფორმალური საფუძვლის და დოკუმენტაციის გარეშე, არაფორმალური გარიგებების გზით, კანონმდებლობის და კონსტიტუციის სრული იგნორირებით, თანასწორობის და კონკურენციის პრინციპების დარღვევით;

ტელეკომპანია „კავკასიის“ ანგარიშისთვის ინკასოს დადება ემსახურებოდა არა დეკლარირებულ პრინციპს, რომ „გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს“, არამედ ტელეკომპანია „კავკასიის“ მუშაობისთვის ხელშეშლას, რომელსაც ამ ეტაპზე არ გააჩნია თანხები ერთდროულად დავალიანების დასაფარად და ფუნქციონირების გასაგრძელებლად. ჩვენს ანგარიშზე დადებული ინკასო ნიშნავს იმას, რომ მომავალი კვირიდან ტელეკომპანია ვეღარ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას.

ტელეკომპანია „კავკასიამ“ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შემოსავლების სამსახურში ელექტრონული ფორმით გაგზავნა დღეისათვის არსებული მისი დავალიანების – 26 226 ლარის და 92 თეთრის ერთ წელზე გადანაწილების მოთხონა. ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული მარტივი პროცედურა და მისი დაკმაყოფილება ერთი დღის ვადაშია შესაძლებელი. ამით ვაძლევთ ფინანსთა სამინისტროს შანსს, გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა და ორშაბათს დილიდანვე მოხსნას ინკასო ტელეკომპანია „კავკასიის“ ანგარიშებს. ასევე ტესტი, არის თუ არა ის მზად თუნდაც ერთ წლიანი გრაფიკი გაუკეთოს არასახელისუფლო ტელეკომპანიას, როცა სამთავრობო არხებს ვალის 10 - წლიან განწილვადებას უპირებს.

თუ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არ გააკეთებს ამას, ნათელი იქნება მისი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი – ხელი შეუშალოს ტელეკომპანია „კავკასიის“ ფუნქციონირებას.

პარალელურად მოვითხოვთ, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გაასაჯაროვოს ტელეკომპანიების მიერ ამ მომენტისთვის დაგროვილი დავალიანებები ყოველი თეთრის სიზუსტით (რაც ჩვენ, ჩვენის მხრივ უკვე გავაკეთეთ), გაასაჯაროვოს მოლაპარაკებების პროცესი და დეტალურად აცნობოს საზოგადოებას, როგორ აპირებს ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროს“ და „რუსთავი 2“–ის დავალიანების – 55 მილიონი ლარის ამოღებას.

არავის აქვს უფლება ერთპიროვნულად, კანონის სრული იგნორირებით, დახურულ კაბინეტებში, შერჩევითი მიდგომით გადაწყვიტოს ტელეკომპანების ყოფნა–არყოფნის და საბიუჯეტო თანხების ჩუქება–პატიების ბედი.

ტელეკომპანია „კავკასია“ სამართლებრივი გზებით და პროტესტის სხვა ფორმებით გააგრძელებს ტელეარხების მიმართ ხელისუფლების უსამართლო პოლიტიკასთან ბრძოლას“, - ნათქვამია განცხადებაში.