მომავალი წლის სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების შრომითი ანაზღაურება გაიზრდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული თანხა უკვე გათვალისწინებულია.
„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ხელფასების მატება ცენტრალიზებულად მოხდება. პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს მომატებული ხელფასები ექნებათ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობებზე, მათი ხელფასი შრომის შესაბამისი არ იყო. აღნიშნული თანხა, რა თქმა უნდა, მომავალი წლის ბიუჯეტში ასახული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.