თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სიტყვით ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბექა დავითულიანი გამოვიდა. მან ქალაქის მუნიციპალიტეტს და თბილისის მერს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალი წელი გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში კიდევ უფრო აქტიური და დატვირთული იქნება.
„ჩვენ ამ პოზიციიდან შეიძლება სამყარო ვერ შევცვალოთ, მაგრამ ჩვენი ქალაქის უკეთესობისკენ შეცვლა ნამდვილად შეგვიძლია. მიხარია, როცა ვხედავ, რომ ჩვენი გუნდი სწორედ ამ შემართებით, ამ გულწრფელი დამოკიდებულებით აკეთებს თავის საქმეს და ჩვენს ქალაქს უკეთესობისკენ ცვლის. მიხარია, რომ გვაქვს ამბიცია, ისტორიით სავსე ქალაქი, ჩვენს შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი, უფრო ლამაზი, უსაფრთხო, კომფორტული და ნამდვილად სიცოცხლით სავსე ქალაქი იყოს, სადაც ადამიანებს ცხოვრება უხარიათ და ყველა უბანი, ყოველი კუთხე გაჯერებულია დადებითი ემოციებით. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, ჩვენი საკეთებელი საქმე და ამიტომ, ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ ძვირფასი დროის დიდი ნაწილი უსაგნო კამათსა და კინკლაობაში გავატაროთ,” -განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მისივე თქმით, ამ მიზნის მიღწევას არა დესტრუქცია და ისეთ საკითხებზე კრიტიკა სჭირდება, რაც გულის სიღრმეში თავადაც იციან ოპონენტებმა რომ სწორია, არამედ საერთო ძალისხმევა. ბექა დავითულიანის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობამ უნდა გაიმარჯვოს რეალურ პრობლემებზე, სიდუხჭირეზე, გამოწვევებზე და არა ერთმანეთზე.
„ამიტომ, მსურს 2020 წელი სწორედ რეალური პრობლემების დაძლევის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგების, უსაფრთხო გარემოს შექმნის, იმედების გამართლების წელი იყოს. ჩვენი ყველას შემართება, განვლილი პერიოდი, დღეს წარმოდგენილი გეგმები, მაძლევს იმედს, რომ ეს ასეც იქნება. ჩვენ
შევძლებთ, ეს ქალაქი ვაქციოთ უკეთესად, ვიდრე იყო მანამდე. ეს ჩვენი ვალია და ამ ქალაქში მცხოვრებ ძალიან მაგარ ხალხთან ერთად, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ თბილისის დიდ ისტორიაში ჩვენი მოკრძალებული, მაგრამ პოზიტიური წვლილის შეტანას,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს პრეს სამსახურიდან აცნობეს.