რა ღირს ახალი წლის შეხვედრა არასაკურორტო ზონაში მდებარე ბრენდულ სასტუმროებში

ახალი წლის დადგომამდე რამდენი დღე რჩება. შესაბამისად, ბევრ ჩვენგანს უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ სად და როგორ უნდა შეხვდეს 2020 წელს.

„ბიზნესპრესნიუსი“ რეგიონებში (არასაკურორტო ზონებში) მდებარე სასტუმროების ფასებით, გეგმებითა და შემოთავაზებებით დაინტერესდა.

კახეთში მდებარე „ლოპოტა სპა რეზორტს“ ახალი წლისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. „ლოპოტას” საახალწლო პროგრამა 2 ღამეს მოიცავს. რაც შეეხება ფასს, ორი ღამის ფასი ორ ადამიანზე 31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს 570 დოლარიდან იწყება და 710 დოლარამდე ადის. ფასი დამოკიდებულია, თუ რომელ შეთავაზებას აირჩევ.

აღნიშნულ ფასში შედის: ნომერი ორი ღამით, საახალწლო ღონისძიება, საუზმე და პირველ იანვარს, ასევე 2 იანვრის საუზმე. 31 დეკემბერს სასტუმრო სტუმრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდება, ქართული ხალხური სიმღერების ფონზე, ასევე იქნება ფეიერვერკი და DJ მთელი ღამით. ღონისძიებებია 1-ელ იანვარსაცაა დაგეგმილი.

„ამბასადორი კაჭრეთი“ ახალ წელს სტუმრებს 2-დღიან საახალწლო პროგრამას სთავაზობს, რაშიც შედის გალა ვახშამი, საახალწლო შოუ პროგრამა, გათამაშება და პრიზები, ასევე საჩუქრები და ანიმატორები ბავშებისთვის და დიჯეი დილამდე. საახალწლო პაკეტის ღირებულებაა ორ პერსონაზე ორი ღამით - ძველ შენობაში 550, ხოლო ახალში 650 დოლარი ღირს. ნომრის ღირებულებაში ასევე შედის დახურული საცურაო აუზი და საუნა, ასევე მინი გოლფის, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები. 6 წლამდე ბავშვების განთავსება და კვება უფასოა. ყაზბეგში მდებარე სასტუმრო „რუმსში“ ახალი წლის შეხვედრა 472 დოლარი დაგიჯდებათ (დღგ-ს ჩათვლით). ფასში შედის საახალწლო ვახშამი და 31 დეკემბერს ნომრის ფასი ორ ადამიანზე. სასტუმრო 2020 წელს MokuMoku-სთან ერთად ხვდება. ბენდი ახალ წელს სტუმრებს hip-hop, ჯაზისა და funk-ის შერწყმით ცოცხალ და ენერგიულ პერფორმანსს შესთავაზებს.

ახალ წელს თავისი პროგრამით ხვდება ბათუმის „შერატონი“, სადაც მხოლოდ გალა ვახშამზე დასწრება ერთი ადამიანისთვის 100 ლარი ღირს. 6-დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 50% ფასდაკლება, 6 წლამდე ბავშვებისათვის შესვლა უფასოა. რაც შეეხება 31 დეკემბერს სასტუმროს ფასს, როგორც booking-ზეა მითითებული, ორ ადამიანზე ფასი 1 344 ლარს შეადგენს.

ლიკა ამირაშვილი