გარკვეული ცვლილებები, რომელიც ავტომობილებისთვის 2020 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა.
კერძოდ, როგორც რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანაშვილმა აღნიშნა, საქმე ეხება ავტომობილში ცეცხლმაქრის, პირველადი სამედიცინო ყუთისა და უსაფრთხოების სამკუთხედის ქონას. მისი თქმით, ამის ვალდებულება მძღოლებს 2022 წლიდან ექნებათ.
„2020 წლიდან მძღოლებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ: ცეცხლმაქრი, პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი და უსაფრთხოების სამკუთხედი (როდესაც ავტომობილს რაიმე დაზიანება აქვს, გზაზე ამრეკლი სამკუთხედი უნდა ჰქონდეს მძღოლს, რომ შენიშნოს სხვა ატომობილმა). თუმცა, ეს ვალდებულება 2022 წლამდე გადაიდო“,-აღნიშნა ვაჟა იორდანაშვილმა.
ამასთან, გადავადდა ავტომობილებში კატალიზატორის ქონის ვალდებულებაც. ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელის ვაჟა იორდანაშვილის ინფორმაციით, არსებულ რეგლამენტში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კატალიზატორის ვალდებულება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, თუმცა მანამდე, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან პარამეტრების გამკაცრება მოხდება. კერძოდ, თუ დღემდე, co-ს შემცველობა გამონაბოლქვში 0.8%-ს არ უნდა აჭარბებდეს, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან 0.7%-მდე ჩამოდის (ძრავის როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე), ხოლო 2021 წლიდან 0,6%-ზე, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან კი - 0.5% - 0.3%-ზე.
თუმცა, როგორც ვაჟა იორდანაშვილი აღნიშნავს, 2020 წლიდან ევროსტადარტების დაკმაყოფილება მოუწევს იმ იმპორტირებულ ავტომობილებს, რომელიც 2020 წლის 1-ლი აპრილიდან პირველად რეგისტრაციას საქართველოში გაივლიან.