18 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც 2019 წელს ამოქმედდა

2019 წელს ამოქმედდა ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პირდაპირ ან ირიბად შეეხო.

„ბიზნესპრესნიუსი“ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გთავაზობთ:

სესხის გაცემა გართულდა

2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ეროვნული ბანკის (სებ) დებულება, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას ევალება, შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და არ გასცეს ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი სესხი ან დააკისროს სხვა ვალდებულება, მაგალითად, თავდებობა, ვიდრე მას გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს. გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. მაგალითად, სალომბარდო სესხების დროს შემოსავლების შეფასება აუცილებელი არ არის და ფიზიკური პირის ვალდებულება მხოლოდ გირაოს საგნით შემოიფარგლება.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა

2019 წლის დასაწყისიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.

საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. სისტემის სამი მონაწილე მხარე - მთავრობა, დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად ახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება 6%-ს.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი ახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი მათ დამატებით ურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

სისტემაში ჩართვა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სავალდებულო, 40 წლის შემდეგ და თვითდასაქმებულებისთვის კი - ნებაყოფლობითი იყო.

პლასტიკის პარკები აიკრძალა

2019 წლის 1-ლი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. რეგულირების წესის დარღვევა მეწარმე სუბიექტის 500 ლარით დაჯარიმებას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, განმეორებით ჩადენილი ქმედება კი მეწარმე სუბიექტის 1 000 ლარით დაჯარიმებას და ასევე პროდუქციის კონფისკაციას იწვევს.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდა

1-ლი აპრილიდან ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის. ეს არის ინიციატივა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის იმ ნაწილს, რომელსაც სესხის აღების დროს ბანკში ჩასადებად საკმარისი ქონება არ აქვს, სახელმწიფო დაუდგება გარანტორად, რომ კომპანიამ სესხი აიღოს და ბიზნესპროექტი განახორციელოს.

სესხები შეიძლება გაიცეს 50 000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე. გარანტიის დაფარვის დონე ინდივიდუალურ სესხზე 70% იქნება, სქემის ფარგლებში გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ფარგლებში. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 ლარს.

კომპანიებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დაქირავების ვალდებულება დაეკისრათ

ორგანული კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე. ორგანული კანონის მე-2 და მე-7 მუხლების საფუძველზე 2019 წლის პირველი სექტემბრიდან ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში ფუნქციონირებად კომპანიებს დაეკისრათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის ვალდებულება.

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული პროგრამა.

თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი,

ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

ტაქსის რეფორმის მე-2 ეტაპი

2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსის რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდა. კერძოდ, შემოვიდა ტაქსის A და B კატეგორიები. ტაქსები იქნება თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლებით, რომელსაც ექნება წარწერა: „ტაქსი თბილისი“. ეს მანათობლები საჩუქრად გადაეცემათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს. ამასთან, A კატეგორიის ტაქსი უნდა იყოს ოთხკარიანი, მარცხენასაჭიანი, ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ უფასო პარკირებით ისარგებლონ.

ზოგიერთ ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. კერძოდ, 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 1-ლი ოქტომბრიდან ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზეც ამოქმედდა.

ადგილობრივ მოსახლეობას ვებ-გვერდის ან საინფორმაციო ჯიხურის საშუალებით შეუძლიათ ავტომობილი დაარეგისტრირონ და უფასო პარკირებით ისარგებლონ. ასევე უფასო პარკირება ვრცელდება შშმ პირებსა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. რაც შეეხება სხვა პირებს, პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ ყოველი 1 საათის საფასური 1 ლარია.

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები შეიცვალა

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები შეიცვალა. შესაბამისი ცვლილებები 1-ლი ნოემბრიდან შევიდა ძალაში. ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება.

მძღოლების ნარკოტესტზე ადგილზევე შემოწმება დაიწყეს

2019 წლის 1-ლი აპრილიდან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა კრიმინალიზებული გახდა. ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა ისჯება ჯარიმით ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესი დაირღვა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში, სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება.

ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოება ტექნიკურმა რეგლამენტმა დაარეგულირა

1-ელი აპრილიდან, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოება ტექნიკურმა რეგლამენტმა დაარეგულირა. ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელებია - ბრენდი, „ჭაჭა“ და მაგარი სასმელები.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია აიკრძალა

2019 წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება აიკრძალა.

აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული.

ასევე, 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე აიკრძალა ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.

ავტოსადგომის კანონდარღვევით მუშაობაზე ფულადი ჯარიმები ამოქმედდა

ავტოსადგომების მუშაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები გავრცელდება. კოდექსში შეტანილი ცვლილებით, საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არა უმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა - 500 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, 25%-მდე შემცირდა

2019 წლის 17 ოქტომბრიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, 25%-მდე შემცირდა. გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი კი ლარის გაუფასურების ინფლაციაზე გავლენა გახდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება 1 ოქტომბერს დააანონსა.

საყოველთაო ტექინსპექტირება

2019 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება მთლიანად ავტოპარკისთვის სავალდებულო გახდა. ცნობისთვის, 2018 წელს ამოქმედდა ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, აგრეთვე 3 000 კუბ/სმ ან მეტი ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილებისთვის. მსუბუქი ავტომობილების ინსპექტირების ფასი 60 ლარია. მძღოლს შეუძლია ინსპექტირების ცენტრი თვითონ აირჩიოს.

დასაქმებულის დაზღვევა უბედური შემთხვევისგან

დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით მუშაობის პერიოდში დასაქმებულისთვის შეიძინოს უბედური შემთხვევის დაზღვევა - ეს მუხლი შრომის უსაფრთხოების კანონში ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა. სავალდებულო დაზღვევის შეძენა აუცილებელია ყველა იურიდიული პირისთვის, მათ შორის, ინდმეწარმისთვისაც, რომელსაც მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილების საფუძველზე მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შემსრულებლის სტატუსი მიენიჭა. უბედური შემთხვევის შედეგად შრომისუუნაროდ დარჩენის ან გარდაცვალების შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურებას დაზღვეულ თანამშრომელზე ან მისი ოჯახის წევრზე გასცემს. ასანაზღაურებელი თანხა წინასწარ შეთანხმებული ლიმიტის შესაბამისად განისაზღვრება.

სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება იბეგრება

2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ცვლილება, რომლითაც სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება იბეგრება. კოდექსის მიხედვით, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, შემდეგი ოდენობით: (თანხის მოცულობა ავტომობილის ძრავის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული)

3500 სანტიმეტრ კუბზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი - თვეში 300 ლარი;2500 - 3500 სანტიმეტრ კუბის მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი - თვეში 200 ლარი;2500 სანტიმეტრ კუბზე ნაკლები მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი - თვეში 100 ლარი;ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში, ნებისმიერი ძრავის მოცულობა - თვეში 60 ლარი.ახალი წესი არ ეხება ელექტრომობილებს.

თუ ავტომობილი იმპორტიდან ექსპორტზე 3 თვეში გავა, დილერი გადასახადებს უკან იბრუნებს

2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან ავტომობილებისა და მოტოციკლის რეექსპორტისას დილერი აქციზის გადასახადს სრულად დაიბრუნებს. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, თანხის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მეწარმე იმპორტირებულ საქონელს ექსპორტზე 90 დღის ვადაში გაიტანს.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ფრენები Ryanair-მა დაიწყო

ნოემბერში ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო. პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდა. 7 და 9 ნოემბერს კი უკვე ფრენები ქუთაისის აეროპორტში მარსელიდან და ბოლონიიდან შესრულდა.

თაია არდოტელი