მანიპულაციის  შემთხვევაში BMW-ს მილიონობით ჯარიმა ემუქრება

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) კომპანია BMW-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

გერმანული ბრენდი ავტომობილების გაყიდვების მანიპულირებაშია ეჭვმიტანილი. როგორც გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, თუ ეჭვი დადასტურდა, კომპანიას მრავალმილიონიანი ჯარიმა ემუქრება.

SEC-ი ეჭვობს, რომ კომპანია განზრახ აფიქსირებს გაყიდვების მაღალ მაჩვენებელს, რათა მიმდინარე წელს ამერიკის ბაზარზე პრემიუმ სეგმენტში გაყიდვების მიხედვით, ლიდერი გახდეს.

„როგორც ცნობილია, ამ სეგმენტში ბოლო ოთხი წელია ლიდერობს მისი კონკურენტი Mercedes-Benz-ი, ხოლო ბავარიულ კომპანიას ამ „ტიტულის“ დაბრუნება სწყურია“ - წერს გამოცემა.

მიმდინარე წლის პირველი 11 თვის მონაცემებით, ბავარიელები უმნიშვნელოდ ლიდერობენ და „ტიტულის“ ბედს დეკემბრის გაყიდვები გამოავლენს. გარდა ამ წოდებისა, კომპანია ინვესტორების თვალშიც მომხიბვლელად გამოიყურებოდა საბაზრო კუთხით.

როგორც The Wall Street Journal-ს ანონიმურმა წყარომ, ერთ-ერთმა დილერმა განუცხადა, დილერებისთვის წამგებიანია ის ტაქტიკა, რომელსაც კომპანია ახლა იყენებს, კომპანია დიდი ოდენობით აწვდის დილერს სატესტო ავტომობილებს, შემდეგ კი ისინი მათ უფრო იაფად ყიდიან, ეს კი როგორც წყარო ამბობს, დილერებზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს ფინანსური თვალსაზრისით. თავად BMW-ში აცხადებენ, რომ მათ აქვთ გამოძიების შესახებ ინფორმაცია და მზად არიან თანამშრომლობისთვის.

ცნობისთვის, ეჭვი გაყიდვების მანიპულირებაზე ამერიკის ბაზარზე პირველად არ გაჩენილა. სამი წლის წინ BMW-ს ამერიკულ ფილიალში აცხადებდნენ, რომ ცენტრალური ოფისიდან გაყიდვების გასაზრდელად მათზე დიდი წნეხი იყო.

კოკა კვირკველია